ვახუშტი კოტეტიშვილი


მომხიბლავი, ნიჭიერი, დიდსულოვანი და ენერგიული _ თითქოს საგანგებოდ გაჩენილი იმისთვის, რომ მთელი სისავსით ეცხოვრა და ისიც ხარბად ისრუტავდა სიცოცხლის ყველა სიხარულს და ყველა ტკივილს. და მერეც, როდესაც მისი ცხოვრების ბოლო წლებში მისი შეგირდი ვიყავი, მუდამ მზარავდა უცნაური ტრაგედია: მოხუცი, დაუძლურებული და დაავადებული სხეულისა და მასში მომწყვდეული სრულიად ახალგაზრდა, თავგადასავლებს, ძლიერი ვნებებსა და ემოციებს მოწყურებული სულის შეუთავსებლობა. 

ამბობდა, რომ მუდამ სინდისი ქენჯნიდა დედის გამო, რომელიც მის დაბადებას გადაჰყვა, მაგრამ 1935 წლის 4 აგვისტოს ცნობილი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, მეცნიერი, პედაგოგი, აკადემიკოსი, ფოლკლორისტი და უბრალოდ, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი ვახუშტი კოტეტიშვილი იმისთვის არ მოსულა ამქვეყნად, რომ სინდისის ქენჯნას გაეტანჯა.

ბედის ირონიით სანატრელი ვაჟიშვილის გაჩენასთან ერთად თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახის ჩამოშლა დაიწყო. 1937 წელს დედით დაობლებული ვახუშტის მამაც, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი და პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ვისაც სურს, მეტი სიმძაფრით აღიქვას, თუ რა მოჰყვა ამას, ავტობიოგრაფიული რომანი, ,,ჩემი წუთისოფელი” უამბობს, რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილმა თავის ოჯახს, მამის მოღვაწეობასა და საკუთარ ბავშვობას მიუძღვნა.

1954 წელს თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ხდება, უკვე მეორე კურსზე იწყებს სპარსული პოეზიის თარგმნას, რომელიც უმალვე მოუტანს საყოველთაო აღიარებას. მის მიერ გადმოქართულებული აღმოსავლელი ავტორების დასი მრავალფეროვანია: რუდაქი, დაყიყი, აბუ საიდი, ანსარი, ანვარი, ომარ ხაიამი, ჯალალ ად-დინ რუმი, ობეიდ ზაქანი, საადი, ჰაფეზი, აბდ ორ-რაჰმან ჯამი, იმამ ხომეინი. იგი არა მხოლოდ თარგმნიდა ირანულ პოეზიას, არამედ მისი ორივე დისერტაციაც სპარსული ლექსის საკითხებს ეძღვნებოდა. იხსენებდა, ჩემს სადოქტორო დისერტაციაში სპარსული ლექსის სტრუქტურა სულ ფორმულების სახით ჩამოვაწიკწიკე, ასობით ფორმულა იყო _ არ მინდოდა, ეთქვათ, რომ მხოლოდ სიტყვის მხატვრულად ფლობის უნარის გამო მანიჭებდნენ სამეცნიერო ხარისხებსო. 2007 წელს ირანის მთავრობამ დააჯილდოვა, როგორც ერთ-ერთი მსოფლიოს ექვსი საუკეთესო ირანისტიდან.

ოდნავ მოგვიანებით ვახუშტი კოტეტიშვილი უკვე რუსული და გერმანულ-ავსტრიული პოეზიის თარგმნას იწყებს, რასაც შედეგად ქართულ-ევროპული ინსტიტუტისა და ავსტრიის კულტურის სამინისტროს პრემიები მოჰყვა, ხოლო ქართველი მკითხველი კი დარწმუნდა, რომ, როგორც კარგი მსახიობის მიერ ნათამაშები არც ერთი როლი არ ჰგავს ერთმანეთს, ვახუშტი კოტეტიშვილს მიერ ნათარგმნი ორი სხვადასხვა პოეტის შემოქმედებაც არ გაგვახსენებს იმას, რომ მათ ერთი და იმავე მთარგმნელის ხელში გამოიარეს. ეს მისი პრინციპი გახლდათ: იყო კარგი მთარგმნელი, ნიშნავს, მკითხველისათვის რაც შეიძლება ნაკლებ შესამჩნევი იყოს შენი ხელწერა. სხვათა შორის, თვლიდა, რომ კარგი პოეტები იშვიათად არიან კარგი მთარგმნელები და პირიქით, ამიტომ საკუთარ პოეზიას ყოველთვის უკანა პლანზე სწევდა. უკვე სამოცდაათი წლის იყო, როდესაც ლექსების პირველი კრებული ,,ქვიშის საათი” გამოსცა; თუმცაღა თარგმანების კრებულ ,,აღმოსავლურ-დასავლურ დივანს” ამაყად და დემონსტრაციულად წააწერა ყდაზე თავისი სახელი და გვარი _ ეს მთარგმნელების მძიმე და შეუმჩნეველი შრომის ემანსიპაციის მცდელობა იყო. 


მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება არავის ტოვებდა გულგრილს და მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა სტუდენტისთვის ის დაუვიწყარი ლექტორი გახლდათ, ვახუშტი კოტეტიშვილს ხალხის საყოველთაო სიყვარული ყველაზე მეტად მაინც იმ ოთხმოცამდე გრანდიოზულმა ფოლკლორულმა საღამომ მოუტანა, რომელსაც 1978-1988 წლებში მთელს საქართველოში ატარებდა. რომ არაფერი ვთქვათ ხალხური ლექსების სამ კრებულზე, სატელევიზიო და რადიო გადაცემებზე, ვახუშტი კოტეტიშვილის, როგორც ფოლკლორისტის, ღვაწლის წარმოსაჩენად ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ მან ივანე წიკლაურის ლექსი ,,რამ დამაბერა?!” აღმოაჩინა.

ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა, მათთვის გზის გაკვლევა და საზოგადოებისთვის გაცნობა ვახუშტი კოტეტიშვილისათვის უაღრესად დიდი სიამოვნება გახლდათ _ სხვისი ნიჭით სიხარულის იშვიათი უნარი. და ამის სანაცვლოდ მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა, ამ ადამიანს ხშირად ევლო მასთან, ესაუბრათ და ახალი მუხტით აევსო, ახალი საფიქრალი აეშალა მისთვის.

მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 2008 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა _ მისი სიკვდილის ცნობა რამდენიმე წუთში ომის დაწყების ამბავმა გადაფარა და ის, ვინც თავისი სუნთვისშემკვრელი ქარიზმით ყველა გზადგადაყრილს სამუდამოდ ამახსოვრებდა თავს, სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიაცილა სასაფლაომდე, ალბათ, უფრო ნაკლებმა, ვიდრე ერთი თვის განმავლობაში აკითხავდა ხოლმე მის სამუშაო ოთახს. ესეც კიდევ ერთი პარადოქსი ვახუშტი კოტეტიშვილის მსუყე, მოვლენებით აღსავსე ცხოვრებაში. 

( ანი კოპალიანი)


Additional Info

  • სახელი/გვარი: ვახუშტი კოტეტიშვილი
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1935
  • გარდაცვალების წელი: 2008

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates