ნიკო მარი

ქართული ენის შეუსწავლელად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობელად, კაცობრიობის ვერც ერთი კულტურული საკითხი ვერ გადაიჭრება“.

    ( ნ. მარი) 

ცნობილი ქართველოლოგი, უდიდესი ინტუიცისაა და გაქანების,  ფართო ფანტაზიის მქონე ენათმეცნიერი, ნიკო მარი,   შეიძლება ორი უკიდურესობის -  გენიალური აღმოჩენებისა და გენიალური შეცდომების  მეცნიერად დავასახელოთ.

იგი  იყო ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ორიენტალისტი, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 1930 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ენციკლოპედიური ცოდნის მქონე გენიოსი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართული ენათმეცნიერების განვითარების საქმეში.

 

მას ეკუთვნის  ე.წ. „ იაფეტური ენების“ არსებობის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ქართველური ენები იაფეტური ენებია და გამომდინარე იქედან, რომ „იაფეტიზმი“ მსოფლიოს ყველა ენაში დასტურდება,  სწორედ ეს  მიაჩნია  მეტყველების უძველეს საფეხურად.  „ იაფეტური თეორია“ ისეთი პოპულარული იყო საბჭოთა ენათმეცნიერებაში, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეტიც, ერთგვარ მიმდინარეობად, „ მარიზმად“ ჩამოყალიბდა.

მისი  ახალი ენობრივი თეორია სამ ძირითად პოსტულატამდე შეგვიძლია დავიყვანოთ:

1.         ნიკო მარმა უარყო ენათა ნათესაობის , ენათა ოჯახების არსებობა, ერთი  ენა არ შეიძლება რამდენიმედ დაიშალოს, მათ მხოლოდ გაერთიანება შეუძლიათ, ენების ისტორია - საწყისი მრავალენოვნებისაგან ერთენოვნებისაკენ სწრაფვის ისტორიაა;

2.         ყველა ენა, სხვადასხვა სისწრაფით გადის განვითარების ერთსა და იმავე ეტაპებს, პრიმიტიულიდან - ოთხი უმარტივესი ელემენტის (სალ, ბერ, იონ, როშ) შემადგენლობით - ყველაზე რთულისაკენ.

3.         ყველა ენაში შეგვიძლია მისი პრიმიტიული სტადიის კვალი მოვძებნოთ, ანუ ოთხი უმარტივესი ერთეული.

ეს თეორია, მიუხედავად მისი ურთიერთწინააღმდეგობისა, რიგ შემთხვევაში უპასუხოდ დარჩენილი მრავალი კითხვისა და ლაფსუსისა, გამოავლენს მისი ავტორის დიდ გაქანებასა და ლინგვისტურ ნიჭს.

ნიკო მარი  დაიბადა ქუთაისში. მამა შოტლანდიელი ჰყავდა, დედა – ქართველი.

თავის ავტობიოგრაფიაში იგი წერს:

“ Рождение мое, да и детство, почти легендарно, если повторять рассказы моей матери. Отец мой — старик-шотландец, мать — молодая грузинка из Гурии (Озургетский уезд Кутаисской губернии). Родился я в городе Кутаисе, на правом берегу реки Рион, на так называемой «Ферме», где отец руководил сельскохозяйственной школой. Здесь отцом был разбит огромный сад из образцов субтропической флоры. Магнолии составляли здесь целую рощу.” . . . 

მისი პირველი ლინგვისტური გამოცდილება ასეთი იყო: “Мать и отец не имели общего языка. Отец, кроме своего родного, английского языка, свободно изъяснялся и на французском; мать знала только грузинский. Общение на формально скрещенном языке, на своеобразной «смеси» ломаных русских и грузинских слов, положило известный отпечаток и на мой лексикон, в общем я могу считать моим родным языком грузинский или даже, точнее, гурийский говор“. ( მშობლებს საურთიერთოდ ერთი ენა არ ჰქონდათო, იგონებს იგი -  დედას მარტო ქართული ესმოდა, მამას ინგლისური და ფრანგული, ამ ყველაფრის ნაზავი ჩემი პირველი ენა იყო, ხოლო მშობლიურ ენად ქართულს, უფრო სწორად ქართული ენის გურულ დიალექტს ვთვლიო.

1884 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.  გიმნაზიაში შესვლამდე რუსული ენა თითქმის არც იცოდა. როგორც თვითონ აღნიშნავდა ავტობიოგრაფიაში, „მშობლიურ ენად ვთვლი ქართულს, უფრო ზუსტად გურული დიალექტსო“. წერა-კითხვაც პირველად ქართულად ისწავლა. შემდეგ დაიწყო სწავლა ფრანგულისა, რომელსაც ქართული ტრანსკრიპციით წერდა. ძალიან უყვარდა მშობლიური ენა, წერდა ლექსებს ქართულად. ქართულად თარგმნილა ბაირონის, ჰაინეს და სხვათა ნაწარმოებებს.

1890 წელს ნიკო მარმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. ( ამავე დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში ექვთიმე თაყაიშვილიც სწავლობდა, რომელსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა ნიკო მართან). უნივერსიტეტში სხვა  ენებთან ერთად არაბულსაც სწავლობდა, თავის ბიოგრაფიაში წერს, რომ სწავლების მეორე წელსვე გააოცა ქართულისა და სემიტური ენების მსგავსებამ, ამის შესახებ მოხსენებაც გააკეთა, რომელსაც საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ, განსაკუთრებით, არაბისტი როზენი, რომელმაც მეცნიერს სრული ფიასკო უწინასწარმეტყველა.მიუხედავად ამისა, ნიკო მარმა განაგრძო ამ საკითხებზე მუშაობა, რამაც " იაფეტურ თეორიამდე" მიიყვანა.ეს თეორია, ვფიქრობ ახლებურ გადახედვას საჭიროებს დღესაც.

ნიკო იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. ქართული ხელნაწერების შესასწავლად მუშაობდა სტრასბურგში, ვატიკანში, რომში. მონაწილეობდა ათონის მთაზე ნ. კონდაკოვის ექსპედიციაში. 1902 წელს ივ. ჯავახიშვილთან ერთად იყო ექსპედიციაში სინას მთაზე.

დააარსა რიგი სამეცნიერო სერიები (მათ შორის, Biblioteca Armeno-Georgica", "Monumenta hagiographica Georgica" და სხვ.). დიდი ამაგი დასდო ქართული სასულიერო და საერო მწერლობის საკითხების შესწავლას. 1921 პეტროგრადში "იაფეტიდოლოგიური" (1922 წლიდან "იაფეტური") ინსტიტუტი დააარსა. აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხებს (ანისი 1892 წლიდან; ვორნაკის სამაროვანი 1893; ვანის ტბის სამხ. სანაპირო 1916).

ნიკო მარმა გამოაქვეყნა “ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები”, “ჭანურის გრამატიკა”, “ძველი ქართული სალიტერატურო ენა”, საინტერესო  წერილები სვანური და აფხაზური ენების შესახებ, სომხურის, როგორც ნარევი ენის შესახებ. გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებით “აბდულმესია” და “თამარიანი”. საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას. დიდია მისი დამსახურება ისტორიასა და არქეოლოგიაში. მან გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდური II-ის (ძვ. წ. 760-730) ცნობილი სოლისებური წარწერა, რომლის ერთ-ერთ მუხლში მოხსენიებულია კულხას (კოლხას) ქვეყანა. მან აღმოაჩინა მამალაძეების მიერ აგებული მეათე საუკუნის ეკლესია შავშეთში, სოფელ ოქრობაგეთში და გამოსცა მისი წარწერა.

ნიკო მარმა აგრეთვე გამოსცა „პეტრე იბერის ცხოვრება“ (1896), იპოლიტე რომაელის

„თარგმანებია ქება-ქებათაჲ“ (1901), ბასილი კესარიელის „ფიზიოლოგი“

(1904), ანტიოქე სტრატიგის „იერუსალიმის წარტყვევნის“ არაბული

ტექსტის ქართული თარგმანი (1909), განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო

გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (1911). იოანე

პეტრიწისადმი მიძღვნილი გამოკვლევებით (ЗВО ტ. XIX, 1909) მარმა

საფუძველი ჩაუყარა ქართულ საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის

განვითარების ისტორიულ შესწავლას.

 

ივანე ჯავახიშვილი წერდა: „გამოკვლევების შედეგად ნიკო მარმა ქართული ფილოლოგია იმ სიმაღლეზე ასწია, რა სიმაღლეზეც არის თანამედროვე დასავლეთ ევროპის ფილოლოგია“.მისი მოწაფეები იყვნენ დიდი ქართველი მეცნიერები, ივანე ჯავახიშვილი და აკაკი შანიძე.

ნიკო მარი 1934 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა რუსეთში, ქალაქ პეტერბურგში.



ნიკო მარის სახლ-მუზეუმი


მუზეუმის მისამართი: ჩოხატაური, სოფ. დაბლაციხე

ტელეფონი: (+995 8 58) 17 68 19

მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1999 წელი

მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანება)

მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური

ექსპონატების რაოდენობა: 303

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ცნობილი მეცნიერის, საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის მკვლევარის ნიკო მარის (1864-1934) მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა – ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ნაშრომები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უ ფ ა ს ო

გამოფენები: მუდმივი ექსპოზიცია

საგანმანათლებლო პროგრამები: “ნიკო მარი და ქართული ენათმეცნიერება“, “ ნიკო მარი - საქართველოს ისტორიის მკვლევარი”

მუზეუმის მთლიანი ფართობი: 110 კვ/მ

მუდმივი ექსპოზიცია: 33 კვ/მ, საცავი: 7 კვ/მ

დამთვალიერებელთა წლიური რაოდენობა: 2900


Additional Info

  • სახელი/გვარი: ნიკო მარი
  • ქალაქი/სოფელი : ჩოხატაური/დაბლაციხე
  • დაბადების წელი: 1865
  • გარდაცვალების წელი: 1934

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates