სერგო კლდიაშვილი


„მორჩილად მივიღებ უფალო, სამუდამო სიჩუმეს, ოღონდ გამამხნევე ეჭვით სნეული, რომ მაქვს სული, რომელიც შეძლებს ავიდეს ზესკნელში და შენამდე მოაღწიოს.

რაც ოდესმე ოცნებები დამბადებია, შენი სამყაროს უსასრულობაში ცდომილებად დაბორიალობენ , სათითაოდ შემომხვდებიან და თანამგზავრებად გამომყვებიან. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ჩემი ყრმობისას გამოეშურა შენსკენ . ისინი უღონონი არიან, უკიდეგანო ცივ ეთერში გზა დაბნევიათ და მელოდებიან , რომ შენს ფერხთით გავათბო და დავასვენო.

მსუბუქია ჩემი ტვირთი დედამიწიდან წამოსაღები და მისი ზიდვა არ გამიჭირდება, მერიდება შეგკადრო მცირედი, მაგრამ სხვა განძეული არა მქონდა რა და ზღვნად მომაქვს მთელი ჩემი სიმდიდრე, რაც მომეძეოდა  - ერთი ბღუჯა თოთო ბალახი ჩემი სოფლის მინდვრიდან , დედის სალოცავ ხატზე მისივე ხელით მიკრული წმიდა სანთლის ნამწვი. ივლისის მთვარიანში დაგროვილი ცვარი და კიდევ მზის საგალობელი, რომელსაც ბავშვობიდან ვბურდღუნებდი ჩემი დაბმული ენით.

მეშინია, უკვალოდ გავქრე და თუ ჩემთვის სხვა არა გემეტება რა, ოდესმე ერთ ყვავილად გამახარე ბროწეულის ტოტზე, რომ მერე ტკბილ ნაყოფათ გავიზარდო და გზაზე მიმავალ ჩემი ქვეყნის ბავშვს შევერგო“

სერგო კლდიაშვილი

კლდიაშვილების გენეალოგიური შტო


 სერგო კლდიაშვილი დაიბადა თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში 1893 წელს.  დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

მამასთან ერთად (ცნობილ მწერალ დავით კლდიაშვილთან) ერთად მონაწილეობდა I მსოფლიო ომში,საქართველოში დაბრუნდა 1917 წელს. მისი პირველი პროზაული ნაწარმოები დაიბეჭდა 1911 წელს თბილისის გაზეთ ,,სინათლეში“.

1916 წლიდან ,,ცისფერყანწელთა დამაარსებელი და აქტიური წევრია. 


 „ მახსოვს ჩემი თავი და გარემო ქვეყანა იმ დროიდან, როცა ძალიან პატარა ვიყავი. ისინი ნაწყვეტ-ნაწყვეტებს წარმოადგენენ, ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ და ცოცხლობენ როგორც უეცარი გაელვებანი, გარემო მოვლენებთან სრულიად დაუკავშირებელნი, ყოველგვარი მთლიანობის გარეშე. ეს იყო ძალიან ადრეული ბავშვობა“. 

„ბავშვობაში ლექსებს ვწერდი, ვუგზავნიდი მათ ჟურნალ-გაზეთებს, მაგრამ არც ერთი არ დამიბეჭდეს, მაშინ ძალიან ვწუხდი, ახლა კი დიდად მადლობელი ვარ რედაქტორების.

სრული რვა წლის არ ვიყავი, როცა პირველად რაც დავწერე, მოთხრობა იყო, უფრო სწორად რომ ვთქვა, რაღაც მსგავსი მოთხრობისა. . . 

 . . . თექვსმეტი წლის რომ გავხდი მაშინ პირველად დაიბეჭდა ჩემი ნაწარმოები. 

 . . . თუ მაშინ ზოგჯერ  მაინც გავიფიქრებდი მომავალზე, უფრო ხშირად ის ოცნება მქონდა, რომ მეზღვაური ვყოფილიყავი.

იქნებ კიდევაც შევისრულებდი ამ ნატვრას, მაგრამ რევოლუციის წლებში სხვაგვარად წარიმართა ჩემი და არამარტო ჩემი ცხოვრება. 1918 წლიდან ჟურნალ - გაზეთების რედაქციაში დავიწყე მუშაობა.

პროფესიონალი მწერალი გავხდი 1927 წლიდან, როცა ჩემი მოთხრობების პირველი კრებული გამოვიდა. . . 

 . . . ადრიან გაზაფხულზე გატაცებული ვიყავი სიმბოლისტური და კიდევ დეკადენტური ხასიათის მწერლობით. . . .“ 

შეიძლება ადამიანმა ბევრი რამე იცოდე ლიტერატურაზე, მაგრამ არ გრძნობდე მას.

 . . . .მაინც მწერლად ვგრძნობ თავს. ყოველშემთხვევაში დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ შევურაცხყობ ჩემი ნაწერებით ქართველი მწერლის სახელს. ( სერგო კლდიაშვილის უბის წიგნაკიდან.  გამომცემლობა „ ლიტერატურული მატიანე, თბილისი 2000)

 . . . . 

„მე კარგად მახსოვს სერგო კლდიაშვილის გამოსვლები და კიდევ უფრო მკაფიოდ – მისი ლიტერატურული საუბრები თანამოკალმეებთან.

მათი თემა ზოგჯერ შორს იდგა საკუთრივ მწერლობისგან, მაგრამ თავისიჩანაფიქრით და ფორმით ეს ყო¬ველთვის ლიტერატურული საუბრები იყო, ვინაიდან ყველაფერი, რასაც ის ჰყება, შენიშნავს, ამტკიცებს, თავის¬თავად ლიტერატურაა, ამ სიტყვის არსებითი გაგებით.

განსაკუთრებით ორი თემა იზიდავს – დავით კლდიაშვილი და თანამედროვე მხატვრული პროზის პერსპექტი¬ვები.

ხშირად უთქვამს გულისტკივილით, რომ დღეს უფრო ხშირად ნარკვევებს („ოჩერკებს“) წერენ და არა ნამდვილ მოთხრობებს. თუმცა ბოლო დროს ნაკლები დარწმუნებით ამტკიცებდა ამას; როგორცჩანს, მის წარმოდგენაშიც ეს უკვე განვლილი ეტაპია ჩვენი ლიტერატურისა – მხოლოდ დროებით მოძალებული, სადღეისოდ უკვე გან¬ვლილი სენი. სერგო კლდიაშვილისათვის პროზა არ არსებობს ხელოვნების („გამონაგონის“) მკაფიო დომინანტის გარეშე. ოღონდ გამოგონება მისთვის თვით ცხოვრების კონცენტრატია და არა თითიდან გამოწოვილი უსაგნო რამ.

დიდად აფასებს დღევანდელთაგან უსამართლოდ მივიწყებულ სანდრო ცირეკიძის წვლილს ახალი ქართული პროზის განვითარებაში.

ხშირად უთქვამს ამის შესახებ. დღემდე უალერსებს ადრე წასული მეგობრის ლანდს და მე ზოგჯერ მეჩვენება, თითქოსჩემი თვალით ვხედავ, როგორ დასეირნობენ ორნი „პროვინციის მთვარის“ ქვეშ, როგორ საუბრობენ, ოცნებობენ, გულს უხსნიან ერთმანეთს, ან ჩუმად, მთვარეულებივით მიჰყვებიან უქიმერიონის აღმართს.“ ( გურამ ასათიანი)


              ისევ „ უბის წიგნაკიდან“:

„ ჩემი სურვილი - სურვილი კი არა, მოვალეობათ ვთვლი, ვინაიდან სხვა აღარავინაა გამკეთებელი - დავწერო ჩემს მეგობრებზე; პაოლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ვალერიან გაფრინდაშვილზე, გრიგოლ რობაქიძეზე, კოლაუ ნადირაძეზე, გიორგი ლეონიძეზე, ნიკოლო მიწიშვილზე, ალი არსენიშვილზე და რა თქმა უნდა, სანდრო ცირეკიძეზე და სალვა აფხაიძეზე. გზადაგზა, ცხადია, მომიხდება ვილაპარაკო ნიკო ლორთქიფანიძეზე, ლეო ქიჩელზე, შალვა დადიანზე, გალაკტიონ ტაბიძეზე და სხვათა შესახებ.მე ვცხოვრობ, იმ დროს, როცა ქართულ ლიტერატურაში განუკითხაობის ეპოქა დგება, ასეთ ვითარებაში ყოველ მართალ სიტყვას კარგი საქმის გაკეთება შეუძლია და მეც ამიტომ ვწერ.“.( ს. კლდიაშვილი)



მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და პუბლიცისტი სერგო კლდიაშვილი გარდაიცვალა 1986 წელს.



 . . . . 

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი



მისამართი: თერჯოლა, სოფ. ზედა სიმონეთი

მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1945 წელი

მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (თერჯოლის კულტურის ცენტრი)

მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური

ექსპონატთა რაოდენობა: 635


მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა (1862-1931 წწ.) და მის ვაჟის, პოეტისა და მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893-1986 წწ.) სახლ-მუზეუმში დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა


მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 1 ლარი ( ყველა ასაკის მნახველისთვის)

უბილეთოდ დაიშვებიან: სოციალურად დაუცველი მოზარდები, IჩOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, იძულებით გადაადგილებული პირები


გამოფენები: მუდმოვმოქმედი ექსპოზიცია

საგანმანათლებლო პროგრამები: კონკურსი მოზარდებისთვის: “იმერეთი დავით კლდიაშვილის თვალით”


მუზეუმის მთლიანი ფართობი: 267 კვ/მ

მუდმივი ექსპოზიცია: 180 კვ/მ

საცავი: 22 კვ/მ


დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1440 დამთვალიერებელი


მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)


Additional Info

  • სახელი/გვარი: სერგო კლდიაშვილი
  • ქალაქი/სოფელი : ზედა სიმონეთი
  • დაბადების წელი: 1893
  • გარდაცვალების წელი: 1986

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates