ბლოგები

HOMO წარმატებული

ნამდვილი თანამედროვე ადამიანი! - ვიტყვით ხოლმე ხშირად ამაყად, ცალსახად კარგი მნიშვნელობით. თითქოსდა თანამედროვე ადამიანი არ შეიძლება იყოს უნიჭო, ცუდი, ბოროტი...
 
ჩვენს დროში ე.წ. „წარმატებული პიროვნება“ დომინირებს. და ეს განა ცუდია?! ნებისმიერი ჩვენგანი ხომ წარმატებისაკენ, ბედნიერებისაკენ ისწრაფვის. მაგრამ უმთავრესია წარმატება? საერთოდაც, რა არის წარმატება?
 
დღევანდელი გაგებით, ფიროსმანი ძალიან წარუმატებელი იყო. წარმატებული მხატვარია კომერსანტი, დროს რომ აუღო ალღო, თავი კარგად გაყიდა და ფულიც იშოვნა.
 
გალაკტიონთანაც რა უნდა წარმატებას. ამ ასოციალურ, უცნაურ კაცთან. მწერალი ხომ უნდა მოძღვრავდეს, ჭკუას გვარიგებდეს, ცხოვრების გზას გვაჩვენებდეს, მის თითოეულ სიტყვას ოქროს ფასი ჰქონდეს, აუცილებელია კარგად იყიდებოდეს, თორემ რას დაწერს, მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას, წაიკითხავ თუ არა. ვინ რას გაიგებს მისი წიგნებიდან.
უნებურად მახსენდება შოთა ჩანტლაძე. დღემდე შეუფასებელი გენიოსი. სიტყვა დაფასებას შეგნებულად არ გამოვიყენებ. 
და ედგარ პო? ისიც ხომ საშინელი ლუზერია? აბა, როგორ? სურდა წერით ეცხოვრა. როგორია, სულ რაღაც 40 წელი იცოცხლო და პოეზიისა და პროზიის მწვერვალები თანაბრად დაიპყრო. ახალ ჟანრებს ჩაუყარო საფუძველი. ამას ვინ დაინახავს, ვინ გაპატიებს!
 
ვან გოგიც როგორ არ გავიხსენო. ასეთ გენიოსებს მაქსიმალურად უნდა მოერიდო. დისტანციურად, შორიდან უცქირო. აბა, სადმე „სვეტსკი“ ვახშამზე ყური რომ მოიჭრას?!
 
კი, ისეთი ხალხი ჩამოვთვალე, რომელმაც დროს დიდი მანძილით გაუსწრო, მაგრამ მინდოდა მეთქვა, დღევანდელი გადმოსახედიდან ისინი წარმატებულებად არ მიიჩნევიან? ცნობადობა და ფული აკლდათ.
 
მოკლედ, ცნობადობაა მთავარი და არა ის, თუ რას ჰქმნი. არა მხოლოდ ჩვენთან, სამწუხაროდ. უბრალოდ, იქ, სხვაგან უფრო დიდი სივრცეა, სადაც შეიძლება შენს ნიშას მიაგნო.
 
* * *
 
სახიფათოა პიროვნება, რომლისთვისაც მთავარი მხოლოდ წარმატებაა; რომელიც თავისი წარმატების მიღმა ვერაფერს ამჩნევს, ვერაფერს ხედავს, ვერაფერს გრძნობს. გრძნობა საერთოდაც ატროფირებული აქვს. ასეთი ადამიანი ირგვლივ ყველაფერს აჩანაგებს. არაფერს ინდობს საკუთარი მიზნის მისაღწევად.
 
ასეთი ადამიანის ფეტიშია დღეს. სწრაფი მანქანის, მძლავრი ძრავით, რომელიც ყველას გაასწრებს და გზაზეც არავის დაინდობს, გადაუვლის.
 
ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ცხოვრება არ არის მარტო ფეხბურთი, ანგარიში რომ ტაბლოზე ჩანდეს. მეტიც, ამ შესანიშნავ თამმაშიც ბევრი საუცხოო გუნდი და მოთამაშე ტიტულის გარეშე დარჩენილა.
 
ვფიქრობ, თანამედროვე ხელოვნების, ლიტერატურული კრიზისის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის. სენტიმენტებს გავურბივართ. გვეშინია, რომ სიყალბე, ყალბი სიტკბოება არ შემოგვეპაროს. არადა, რთულზე რთულიც ეს არის, სენტიმენტებს არ უფრთხოდე და იყო ნამდვილი, ბეწვის ხიდზე იარო, თორემ ახალი ფორმებითა და სტილის თამაშით დღეს ვიღას გააკვირვებ. ჩვენც გვინდა სწრაფი შთაბეჭდილება მოვახდინოთ, უმალ მოვიხვეჭოთ სახელი, აღიარება. ცნობადები, წარმატებულები გავხდეთ. ამის მიღმა კი სიცარიელეა და სიჩუმე.
 
რომანტიკული, მგრძნობიარე ადამინიც ხშირად სასაცილო, აბუჩად ასაგდები ხდება. და არც არის გასაკვირი. ის მუდამ დამარცხებულია, მუდმივი ლუზერია. ეჰ, ჯერ კიდევ როდის წუხდა ამაზე არტურ შოპენჰაუერი. გაივლის წლები და დაწერს გალაკტიონი:
 
„ვინც ღამით დასწვავს შოპენჰაუერს,
რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით.“
 
არა, არც ისეთი შლეგი ვარ, რომ პროგრესის, წარმატების წინააღმდეგი ვიყო. უბრალოდ,  მგონია, რაღაც დავკარგეთ. რაღაც ძალიან ძვირფასი და აუნაზღაურებელი.
 
ამ პატარა წერილის ბოლოს, მინდა, რომ ჩემი ჯერ დაუსრულებლი პოემიდან ნაწყვეტი გაგიზიაროთ:
 
„სადღაც შორს გზა სჩანდა,
გზის მიღმა ფიჭვები.
ჩვენც გზაზე ვიდექით
მგზავრობას ვიწყებდით.
და დრომ მოგვახურა,
სისხლის მოსასხამი.
გახსოვთ მეგობრებო, 
ცხოვრებას ვიწყებდით,
ცხოვრებას ვიწყებდით
და ვერ მოვასწარით“.
 
მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.

ამავე კატეგორიაში





პარტნიორები