მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

ოლივერისა და მარჯორისთვის საქართველო კულტურული აღმოჩენა იყო - ინტერვიუ ჯილიან ევისონთან

×
ჯილიან ევისონი
ავტორის გვერდი ნუკა ღამბაშიძე 2020-05-28 21514

ინტერვიუ ჯილიან ევისონთან პროექტის „მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ“ ფარგლებში

ინერვიუერი: ნუკა ღამბაშიძე

დოქტორი ჯილიან ევისონი კითხულობდა ლექციებს თეოლოგიაში წმ. იოანეს კოლეჯში. მოგვიანებით ოქსფორდის ვოლფსონის კოლეჯში დაასრულა სადოქტორო ნაშრომის წერა ორიენტალური კვლევების მიმართულებით. მისი დისერტაციის კვლევის საგანი კლასიკური ინდუიზმი იყო. დოქტორი ევისონი 2018 წლიდან არის ოქსფორდის ბოდლეის ბიბლიოთეკების ორიენტალური კოლექციის მცველი. მისი პასუხისმგებლობა ვრცელდება ორიენტალური ხელნაწერების სექციაზე და სამ ბიბლიოთეკაზე, რომლებიც ინახავენ ებრაულ, ჩინურ და იაპონურ კვლევებს. იგი ასევე ხელმძღვანელობს სპეციალიზებული კურატორებისგან, ბიბლიოთეკის საიტის მენეჯერებისა და პროექტის პერსონალისგან შემდგარ გუნდს. ჯილიან ევისონი არის „ოქსფორდის უნივერსიტეტის მარჯორი უორდროპის ფონდის“ დირექტორთა საბჭოს და „საქართველოში აკადემიური კვლევის მეგობრების რწმუნებულთა“ საბჭოს თავმჯდომარე.  

 

პენცენტრი: თქვენ ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი საბიბლიოთეკო ნაკრების, ოქსფორდის ბოდლეის ბიბლიოთეკების ორიენტალური კოლექციის მცველი ხართ. ბოდლეის ბიბლიოთეკები აკადემიური კვლევის ცენტრი და ხელნაწერების „პრადოს მუზეუმია“, რომელიც ისეთ არტეფაქტებს ინახავს, როგორებიცაა გუტენბერგის ბიბლია ან შექსპირის პირველი ხელნაწერები. რა შესაძლებლობები ეძლევა მკვლევარს, რომელსაც ასეთ მასალებთან იოლი წვდომა აქვს, და რა პასუხისხმგებლობები მოჰყვება ამ პრივილეგიებს?

ჯე: ისტორიულ ბიბლიოთეკაში მუშაობის უდიდესი პრივილეგია მართლაც არის ჩემს საცავში არსებულ კოლექციებზე ულიმიტო წვდომა. ბიბლიოთეკის სტუმარ მკვლევარს წიგნებთან გაცნობა მხოლოდ სამკითხველო ოთახში შეუძლია, მე კი უფლება მაქვს, საცავებში შევიდე და კარგად შევისწავლო თაროები, რომლებიც ორიენტალური კოლექციის ხელნაწერებს და საარქივო საგანძურს ინახავს. ამ პრივილეგიას თან ახლავს პასუხისმებლობა, ისე გავუზიაროთ არაჩვეულებრივი კოლექცია სხვებს, რომ ის შემდეგი თაობებისთვისაც დაუზიანებლად შევინახოთ.

პენცენტრი: რა საშუალებებს, არხებს და ინსტრუმენტებს იყენებთ იმისთვის, რომ იშვიათი ხელნაწერები და ნაბეჭდი ტექსტები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოთ და ამავე დროს დაიცვათ ისინი?

ჯე: „ბოდლეის უეტსონის ბიბლიოთეკაში“, სადაც სპეციალური კოლექციები ინახება, მკვლევარებისთვის გვაქვს სამკითხველო ოთახები, სალექციო ოთახები და საგამოფენო სივრცეები, რომლებიც სპეციალურადაა მოწყობილი იმისთვის, რომ ფრთხილად მოვეპყრათ ხელნაწერებს, იშვიათ წიგნებსა და საარქივე მასალებს. ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობის დონე და განათება მუდმივად კონტროლდება მთელს შენობაში და ხელნაწერები, იშვიათი სიგნები და საარქივე მასალები ინახება ინდივიდუალურ, მჟავისგან დაცულ ყუთებში. სამკითხველო და სასემინარო ოთახები აღჭურვილია სპეციალური მყარი ქაფის წიგნის დასადებებით და ნაჭრის სანიშნებით (საკითხავი სიმძიმეებით), ე.წ „გველებით“, რომლებიც ფრთხილად იჭერს გადაშლილი წიგნის გვერდებს. ძალიან გაგვიმართლა, რომ ასევე გვაქვს კონსერვაციის სტუდია. სტუდიის სპეციალისტები არა მხოლოდ მნიშვნელოვან კონსერვაციულ სამუშაოს ასრულებენ, არამედ ასევე ეხმარებიან მკვლევარებს ისეთი ტექსტების შესწავლაში, რომელთა მასალაც ძალიან მყიფეა და ექსპერტის ზედამხედველობას საჭიროებს.

პენცენტრი: რა არის ციფრულ ხანაში საარქივო და კვლევის ცენტრებისთვის მთავარი გამოწვევა? როგორ ცვლის ეს ხანა მკვლევარების მუშაობის პრაქტიკას?

ჯე: ციფრულ ხანაში ბოდლეისთვის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ოთხი საუკუნის შემთხვევაში დაგროვილი და შენახული მილიონობით მასალა, დიდი რაოდენობით ნაბეჭდი წიგნები, ხელნაწერები და სხვა საარქივე მასალები, ჯერაც გასაციფრულებელია. იმისთვის, რომ წიგნები უსაფრთხოდ გავაციფრულოთ, საჭიროა სპეციალური აღჭურვილობა და საკატალოგე ინფორმაციის შექმნა, რაც ფოტოასლების ორგანიზებას და ძებნას გახდის შესაძლებელს. ამ პროცესისთვის დრო და ცოდნა აუცილებელია. ჩვენი ციფრული ბიბლიოთეკა მუდმივად იზრდება და დღეს 900,000-მდე სურათს მოიცავს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ბიბლიოთეკა ინახავს.

გაციფრულების პროცესი ასევე ცვლის მკვლევარების სამუშაო პროცესს. ციფრული ბიბლიოთეკები 24/7 წვდომას გვთავაზობენ იმ ხელნაწერებზე, რომელთა შესასწავლად მკვლევარებს ადრე სხვაგან გამგზავრება უხდებოდათ. ახალმა საერთაშორისო ელექტრონულმა სტიპენდიებმა მკვლევარებს ციფრული გამოცემებისა და ონლაინ სწავლების ახალი ინსტრუმენტები შესთავაზა. მათ ასევე ეძლევათ ისეთი ხელნაწერების ვირტუალური რეკონსტრუქციის საშუალება, რომელთა ფურცლები როდესღაც განცალკევდა და მსოფლიოს სხვადასხვა საბიბლიოთეკო კოლექციებში მიმოიფანტა. ახალი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიცაა მულტისპექტრული სურათები და რამანის სპექტროსკოპია, მკვლევარებს პალიმფსესტების გადაშლილი ტექსტების აღდგენის და განათების დახმარებით პიგმენტების ანალიზის შესაძლებლობას აძლევენ, ხელნაწერებიდან მატერიალური ნიმუშის აღების გარეშე.

პანდემიის დროს მკვლევარები მუშაობას ციფრული ასლების მეშვეობით აგრძლებენ, სანამ ბიბლიოთეკები დაკეტილია. უნივერსიტეტში ამჟამად მომუშავე ერთ-ერთმა ქართველი მკვლევარი წელს ოქსფორდს ეწვია ბოდლეის ბიბლიოთეკებში დაცული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მე-11 საუკუნის ქართული საგალობლის შესასწავლად. საბედნიეროდ, ეს ხელნაწერი უკვე არის ჩვენს ციფრულ ბიბლიოთეკაში:

https://digital.bodleian.ox.ac.uk/inquire/p/ad6f884b-a3d9-4030-bcab-877d9d31a584

შესაბამისად, ამ მკვლევარმა მაინც შეძლო ხელნაწერზე მუშაობა ბრიტანეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს.

პენცენტრი: ფიქრობთ, რომ პანდემია რადიკალურად შეცვლის აკადემიის და მისი წევრების ფუნქციონირებას? შეიცვლება თუ არა მეცნიერული კვლევისა და ცოდნის გაზიარების პროცესი?

ჯე: ოქსფორდში სწავლების მეთოდი ტრადიციულია, სტუდენტის ფიზიკურ დასწრებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული წიგნებისა და ჟურნალების გასამართად დიდი საბიბლიოთეკო ინვესტიციები განხორციელდა, გარკვეული საგნების კვლევა და სწავლება ჯერ კიდევ დიდწილად ნაბეჭდი წიგნებით მიმდინარეობს. ყველაზე დიდი ცვლილება, რაც საგანგებო მდგომარეობამ მოიტანა, იყო ძალიან მოკლე დროში ონლაინ სწავლებაზე და გამოცდებზე გადართვა. საერთაშორისო კონფერენციები, ვორკშოპები და სემინარები გადაიდო, ან ასევე ონლაინ ჩატარდა. ვფიქრობ, პანდემიის დასრულების შემდეგ ვირტუალური სწავლება, შეხვედრები და კონფერენციები უფრო ჩვეულებრივი და მიღებული გახდება, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა სრულად ვერასდროს ჩაანაცვლებს მკვლევრების მიერ ესოდენ დაფასებულ პირდაპირ ინტერაქციას.

პენცენტრი: რა იყო თქვენი პირველი გადაკვეთა საქართველოსთან, ტექსტების და ხელნაწერების გავლით ან სხვაგვარად?

ჯე: ვფიქრობ, საქართველოს პირველად ბოდლეის უორდროპების კოლექციის[1] ტექსტებითა და ხელნაწერებით გავეცანი, მაგრამ თავად ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს ნაცნობობაში. უამრავი ძალიან კარგი მეგობრობა სწორედ რომ ტექსტებისა და მანუსკრიპტების შესახებ საუბარში ყალიბდება. ჩემგან დახმარების და უორდროპების კოლექციაზე წვდომის მიღების სანაცვლოდ, ქართველმა მკვლევრებმა გულუხვად დამაჯილდოვეს და გამოყვეს დრო, რომ ჩემთვის გაეზიარებინათ ისტორიები ამ ხელნაწერების, საარქივო მასალების და ბეჭდურ წიგნების შესახებ. ჩემი ქართველი მეგობრები არ დანებდნენ, სანამ საქართველო არ მოვინახულე და არაჩვეულებრივი მასპინძლობა გამიწიეს. მათი წყალობით გავიცანი საქართველოში დაცული არაჩვეულებრივი ხელნაწერები და სხვა მასალები, და ასევე ქართული სამზარეულო, ღვინო, ხელოვნება, მუსიკა და ქვეყნის არაჩვეულებრივი ბუნება. იმედი მაქვს, ცხოვრება მალე დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და ისევ მომეცემა დაბრუნების შესაძლებლობა.

პენცენტრი: თუ შეგძლიათ, მოკლედ გვესაუბრეთ ბოდლეის ბიბლიოთეკების უორდროპების კოლექციაზე. რა  განსაზღვრავს მის ისტორიულ მნიშვნელობას?

ჯე: მარჯორის და ოლივერის კოლექცია, რომელიც 40 წლის ასაკში მარჯორის ტრაგიკული და ნაადრევი სიკვდილის შემდეგ გადაეცა ბოდლეის ბიბლიოთეკებს, საქართველოს ისტორიის 1000 წელს წარმოადგენს. კოლექცია მოიცავს მრავალ ისეთ საგანძურს, როგორებიცაა მე-8 საუკუნის პალიმფსესტის ეტრატი იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ფრაგმენტით, იერუსალიმის ჯვრის ქართულ მონასტერში შესრულებულ მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიურ კალენდარს და იუნესკოს კულტურულ მემკვირდეობის ნუსხაში შესულ, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მე-17 საუკუნით დათარიღებულ ორ გაფორმებულ ხელნაწერს. საარქივე კოლექცია ასევე მდიდარია დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს მოკლეხნიანი დამოუკიდებლობის დაბადებასა და მასთან დაკავშირებულ სიძნელეებზე გვიამბობენ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ჰააგისთვის წარდგენილი 1907 წლის „ქართველი ხალხის პეტიცია". ეს დოკუმენტი პირველი მაგალითია იმისა, რომ ადამიანები მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სოციალური კლასიდან, გაერთიანდნენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებისთვის.

https://digital.bodleian.ox.ac.uk/inquire/p/e67b75d7-536b-4451-a9f1-74a3e6d65f95

პენცენტრი: ოლივერ და მარჯორი უორდროპებს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ოლივერი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი იყო სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. თქვენი აზრით, რას წარმოადგენდა მათთვის ეს ქვეყანა - კულტურულ აღმოჩენას ან თავშესაფარს? რამდენად ადგილობრივები გახდნენ ისინი საქართველოში? 

ჯე: ვფიქრობ, ოლივერისა და მარჯორისთვის საქართველო თავდაპირველად კულტურული აღმოჩენა იყო. სერ ოლივერ უორდროპმა საქართველო თავისი ტრადიციული დიდი ტურის დროს აღმოაჩინა, რომლითაც ახალგაზრდა ჯენტლმენები თავიანთ სწავლა-განათლებას ასრულებდნენ. მის მიერ სახლში გაგზავნილი წერილები მოწმობს, რომ ოლივერი მოწყენილი, მარტოსული მოგზაური იყო, სანამ საქართველოში ჩავიდოდა, სადაც, როგორც ჩანს, მაშინვე გამონახა საერთო ენა ადამიანებთან. იმ დროს ბრიტანელების უმეტესობას საქართველოზე არაფერი გაეგო, ენა კი საერთოდ ძალიან ცოტამ იცოდა. მარჯორის და ოლივერს განსაკუთრებულად გაუღვივდათ ქართული ლიტერატურის, ისტორიის და კულტურის მიმართ ინტერესი  და სურვილი, მიღებული ცოდნა თავიანთი თარგმანების მეშვეობით ინგლისურენოვანი საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ. როცა სხვადასხვა გამოჩენილ ქართველთან მეგობრული ურთიერთობაც დაამყარეს, მათი სიყვარული საქართველოს მიმართ უფრო გაღრმავდა. უორდროპების კოლექციის საფოსტო ბარათების, წერილებისა და ფოტოსურათების ერთობლიობა იმდენად მდიდარია, ფაქტობრივად „ვინ ვინ არის საქართველოში“ სურათს გვიხატავს. ოლივერი და მარჯორი აქტიურად ჩაებნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, მარჯორიმ დიდხანს ვეღარ იცოცხლა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადებას ვერ მოესწრო.  

პენცენტრი: იმის გარდა, რაც უკვე გამოქვეყნებულია, არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ჩანაწერები, როგორიცაა მარჯორის პირადი მიმოწერა ქართველ მეგობრებთან და მისი პირადი დღიური. რა დასკვნების გამოტანა შეიძლება მისი ნაწერებიდან? რამხელა ადგილი ჰქონდა საქართველოს და მის აქაურ ნაცნობებს მარჯორის სოციალურ ცხოვრებაში?

ჯე: ჯერ კიდევ სამი წლის წინ უორდროპების კოლექცია მარჯორი უორდროპისადმი გაგზავნილ არაერთ წერილს შეიცავდა, ხოლო 2017 წელს, ჩვენდა სასიხარულოდ, სერ ოლივერის შთამომავლებმა ბიბლიოთეკას ოჯახში შენახული წერილები და ფოტოები გადასცეს. ამ წერილებით ვეცნობით მარჯორის, როგორც თბილ და ენამახვილ ადამიანს, რომელიც პოულობს დროს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ამბების გასაზიარებლად, როცა ოლივერი ძალიან დაკავებულია და ვერ ახერხებს იმავეს. მარჯორიმ საქართველოს მონახულება მხოლოდ ორჯერ შეძლო, თუმცა იმ მეგობრული ურთიერთობმა, რომლებიც ამ ქვეყანაში იპოვა, მთელი მისი ცხოვრება გასტანა, ხოლო 1909 წელს მისი სიკვდილი ეროვნული გლოვის მიზეზად იქცა. 

პენცენტრი: მარჯორის გადმოცემის მიხედვით, როგორი გარემო და რა შესაძლებლობები არსებობდა ქალებისთვის მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში?

ჯე: მისი ძმის, ოლივერისგან განსხვავებით, მარჯორის ყოველდღიური აქტივობები მშობლიურ ბრიტანეთში საკმაოდ შეზღუდული იყო. ძმისთვის გაგზავნილ წერილებში მარჯორი აღწერს თავის ცხოვრებას როგორც ნაცნობების მცირე წრით გარშემორტყმულ, სასიამოვნო და აღსანიშნავი მოვლენებისგან დაცლილ ყოფას. მარჯორისთვის საქართველო წარმოადგენდა ადგილს უამრავი შესაძლებლობებით ქალებისთვის, რაც მას ასე აკლდა სახლში, საკუთარ სოციალურ წრეში. 

საქართველოში ვიზიტის დღიურებში, რომლებიც არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ხელმისაწვდომია ბოდლეის ციფრულ ბიბლიოთეკაში, (https://digital.bodleian.ox.ac.uk/inquire/p/9dedd85b-c03b-4637-a40b-f0e77212cb11) მარჯორი წერს საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, სადაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს უფრო მეტი ენერგია აქვთ, ვიდრე მამაკაცებს; და სადაც ქალებს შეუძლიათ იყვნენ რედაქტორები და წერონ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთისთვის; ამ ქალების სახეებს იპოვით უორდროპების კოლექციაში დაცული მარჯორის ფოტოალბომის სურათებში. რასაკვირველია, ქალები ინგლისშიც იყვნენ ასეთი საქმიანობით დაკავებული, მაგრამ არა მარჯორის წრეში. საქართველო მისთვის იმ მაგიურ ადგილად იქცა, სადაც „ლეკვი ლომისა სწორია“ - ეს ფრაზა თავის „ვეფხისტყაოსანში“ მარჯორის გახაზულიც კი ჰქონდა.

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.

 

[1] კოლექციის მასალები თავმოყრილია მკვლევარ ნიკოლოზ ალექსიძის წიგნში Georgia: A Cultural History Through the Wardrop Collection. გამოცემულია ბოდლეის ბიბლიოთეკის გამომცემლობის მიერ.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები