განცხადებები

გირჩის ღონისძიებაზე დაკვრის გამო ხელისუფლება DJ Michailo-ს ციხეში დაბრუნებას ითხოვს

პრობაციის ეროვნული სააგენტო მუსიკოს მიხეილ თოდუას, სასცენო სახელით Michailo, ციხეში დაბრუნებას ითხოვს, რადგან მან ოპოზიციური პარტია "გირჩის" ღონისძიებაზე დაუკრა. ამ ინფორმაციას Facebook-ზე კლუბ "ბასიანის" თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ავრცელებს. "პუბლიკასთან" საუბარში მიხაილო აცხადებს, რომ "წინა თვეების მსგავსად ყველა იმ წესსა და მოთხოვნას იცავდა, რაც მას ევალებოდა, თუმცა ბოლო შემთხვევაში, ვინაიდან პარტია „გირჩი” იყო გარეული, პრობაციის ბიუროს რადიკალური გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებული".
 
საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს მუსიკოსს, რომლის ერთადერთი "დანაშაული" საკუთარი შემოქმედებითი უნარის რეალიზებაა. მიგვაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიის ღონისძიებაზე დაკვრის გამო მუსიკოსის დაკავება სცდება სამართლიანობის და რაციონალურობის ყველა საზღვარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას ეს სახიფათო პრეცედენტი.
 
მუსიკოსი მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 9 წლით დააპატიმრეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა გირაოს გადახდა ვერ შეძლო. მიხაილომ 6 წელი მოიხადა ციხეში და სასჯელის დანარჩენი ვადა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი.
 
მიხაილოს სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. 
 

ამავე კატეგორიაში





პარტნიორები