მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

გულგრილობა კლავს

×
ირაკლი ლომოური
ავტორის გვერდი ირაკლი ლომოური 2020-02-05 9592

(დილეტანტის ბლოგი #1)

თვითმკვლელობის მცდელობის აღკვეთა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუკი შეამჩნევს, რომ მისი ოჯახის წევრს, მეგობარსა თუ მეზობელს მსგავსი აზრები აქვს და  მას  მხარდაჭერასა და დახმარებას შესთავაზებს.

მოზარდების თვითმკვლელობებმა საზოგადოება შეძრა. განსაკუთრებით, 15 წლის ლუკა სირაძის შემთხვევამ. რადგან აშკარაა, პოლიციის ზეწოლა რომ არა, ის დღესაც ცოცხალი იქნებოდა...

ჩემი თავი გამახსენდა მაგ ასაკში - მეც ვიდექი სიკდილ-სიცოცხლის ზღვარზე 15 წლისა.

ცხადად წარმომიდგა ის მომენტი, როდესაც ერთი მილისეკუნდიღა მაშორებდა მეათე სართულიდან გადახტომას.

ახლა ამის მოყოლას არ დავწყებ - რა და როგორ - რადგან ეს არაა მთავარი.

მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები,  რომლებიც ჩვენს შვილებს, - და ასევე, ჩვენს  ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს განურჩევლად ასაკისა, უბიძგებენ გამოუსწორებელი მოქმედება ჩაიდინონ.

ინტერნეტში ვნახე მასალები, რომლებიც მინდა ვთარგმნო და ჩემს ახლობლებსა და ფეისბუქელ მეგობრებს შემოგთავაზოთ - იქნებ გამოგადგეთ.

ფსიქოლოგი არ ვარ, პროზაიკოსი ვარ, და შეიძლება მითხრათ - ეგ შენი საქმე არაა, ინტერნეტში ბევრი რამე შეიძლება იპოვო, მაგრამ ყველაფრის გაზიარება არ იქნებაო სწორი. გეთანხმებით, მაგრამ რაც შემიძლია, ის მაინც მინდა რომ გავაკეთო - პროფესიონალი უცხოელი (ძირითადად ამერიკელი და ინგლისელი) ფსიქოლოგების კონკრეტული, მოკლე და გასაგები რჩევები გაგაცნოთ.

ჯანა ჯავახიშვილს და ნანა აღაპიშვილს, მაგარ ფსიქოლოგებსა და ჩემს ძველ  მეგობრებს,  წინასწარ ვთხოვ ხოლმე ამ მასალებს თვალი გადაავლონ და მირჩიონ (ან არ მირჩიონ) გამოქვეყნება.  უამრავი საქმე აქვთ, ქრონიკულად მოუცლელები არიან, მაგრამ ვიცი, არ დამზარდებიან (ჯანა „ტრავმული სტრესის კვლევის ევროპის საზოგადოების" პრეზიდენტია და „დარიო რადიოში“ მიჰყავს რუბრიკა „დარიაფსიქოლოგია“, ნანა „ნდობის - ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის“ დირექტორია).

დღეს საზოგადოებაში თვითმკვლელობააზე  არსებულ მითებს შევეხებით, რაც დაგვაფიქრებს იმაზე, როგორ  შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს, ვისაც მსგავსი აზრები მოსდის...

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს დაახლოებით 800 ათასი ადამიანი თავს იკლავს. 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს  შორის ესაა სიკვდილიანობის მეორე მიზეზი, ავტოკატასტროფებში დაღუპვის შემდეგ.

მსოფლიოში სუიციდის მიხედვით საქართველო 123-ე ადგილზეა - 100 000 კაცზე 6.7 თვითმკვლელობით (ეს „ჯანმო“-ს 2016 წლის მონაცემებია. მას მერე ოფიციალური სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა). როგორც  ნანა აღაპიშვილმა მითხრა, დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში ამ სტატისტიკაში სუიციდის წარუმატებელ მცდელობებსაც ითვლიან, მესამე სამყაროს ქვეყნებში კი მხოლოდ თვითმკვლელობით გარდაცვლილთა რიცხვს, ამიტომ ეს სტატისტიკა ადეკვატურ სურათს ვერ ასახავს.

სუიციდთან დაკავშირებით რა მითები არსებობს?

მითი 1: თვითმკვლელობაზე მხოლოდ ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანები ფიქრობენ.

რეალობა: ფიქრი თვითმკვლელობაზე ნიშნავს, რომ ადამიანი უბედურია, მაგრამ ეს ფსიქიკური გადახრის მაჩვენებელი არაა.

ბევრ ადამიანს, რომელსაც რაიმე ფსიქიკური აშლილობა აწუხებს, პირიქით, ასეთი განწყობა არ ახასიათებს.

მითი 2: არ შეიძლება თვითმკვლელობაზე საუბარი, რადგან ამან შეიძლება ადამიანს უბიძგოს ეს ნაბიჯი გადადგას.

რეალობა: გულახდილმა საუბარმა ამ თემაზე, იმის ნაცვლად, რომ უბიძგოს, პირიქით, ადამიანს შეიძლება სხვა კუთხიდან დაანახოს ცხოვრება და  გადაფიქრების დრო მისცეს.

სუიციდი სოციალურ სტიგმად განიხილება, ამიტომ ადამიანმა, რომელსაც ასეთი ფიქრები აქვს, ხშირად არ იცის, ვის დაელაპარაკოს.

მითი 3: თუ ადამიანს სურს თავი მოიკლავს, ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს.

რეალობა: მრავალი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ თვითმკვლელობა და მისი მცდელობის პრევენცია შესაძლებელია და ეს საკმაოდ იოლადაც შეიძლება მოხერხდეს.

მთავარია - დროზე ამოვიცნოთ, რომ ადამიანი ზღვარზეა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ადამიანი საუბარში ჩავითრიოთ დროის მოსაგებად და დაველოდოთ, ეს იმპულსი როდის გადაუვლის. ასევე სუიციდის საშუალებებზე წვდომა უნდა შევუზღუდოთ.

მითი 4: თუკი ადამინს სუიციდური აზრები გაუჩნდა, ეს მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.

რეალობა: ასე არაა. თვითმკვლელობის რისკი, როგორც წესი, გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩნდება და დიდხანს არ გრძელდება.

სუიციდური აზრები ადამიანს პერიოდულად კვლავ შეიძლება გაუჩნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება. შეიძლება ადამინს თვითმკვლელობის მცდელობაც კი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ სამუდამოდ გადაიფიქრა.

მითი 5: ადამინს, რომელსაც სუიციდური აზრები აქვს, სიკვდილი სურს.

რეალობა: სულაც პირიქითაა: ისინი, ვინც  თვითმკვლელობაზე ფიქრობენ, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობების ზეწოლის ქვეშ არიან. ვიღაც შეიძლება პირველ იმპულსს აჰყვეს და მერე მწარედ ინანოს.

სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ემოციური მხარდაჭერა დროზე აღმოვუჩინოთ. და, აგრეთვე, სუიციდის საშუალებებზე  წვდომა შევუზღუდოთ.

მითი 6: თვითმკვლელობების უმეტესობა უცებ ხდება, რაიმე საგანგაშო ნიშნების გარეშე.

რეალობა: სინამდვილეში, თვითმკვლელობების უმეტესობას წინ უძღვის საგანგაშო სიგნალები, რომლებიც სიტყვებსა თუ ქცევაში მჟღავნდება.

ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც სუიციდი გარშემომყოფთათავის სრულიად მოულოდნელად ხდება, მაგრამ აქ მთავარია, ვიცოდეთ, რა არის საგანგაშო სიმპტომები (ამაზე კონკრეტულად შემდეგ ბლოგში გქვენება საუბარი - ი.ლ.) და დროზე მოვახდინოთ რეაგირება.

მითი 7: ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს, სინამდვილეში, ამის გაკეთებას არ აპირებს.

რეალობა: ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობაზე ლაპარაკობენ, შესაძლოა ამ გზით ცდილობენ, რომ ხელი გავუწოდოთ, საბედისწერო ჟამს დავეხმაროთ.

ძალიან ბევრი მათგანი, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, განიცდის მომეტებულ შფოთვას, დეპრესიას, უმწეობის შეგრძნებას და, უბრალოდ, ვერ ხედავს ჩიხიდან გამოსავალს.

მითი 8: ფსიქიატრი ან ექიმი უნდა ვიყო, ვიღაცის თვითმკვლელობა რომ არ დავუშვა.

რეალობა: თვითმკვლელობის მცდელობის აღკვეთა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუკი შეამჩნევს, რომ მისი ოჯახის წევრს, მეგობარსა თუ მეზობელს მსგავსი აზრების აქვს და  მას  მხარდაჭერასა და დახმარებას შესთავაზებს.

ბლოგი მომზადებულია BBC-ის მასალების მიხედვით.

P.S.

ბოლო 1 წელსა და 6 თვეში, საქართველოს 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ადამიანები ჩვენ გვერდზე იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათი სასოწარკვეთა ვერ ვიგრძენით. ჩვენი გულგრილობა რომ არა, ისინი, ალბათ, დღესაც ცოცხლები იქნებოდნენ...

თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს, მეგობრებო!

 

P.P.S. 

რატომ ვეხმიანები ასეთი დაგვიანებით  მოზარდების გახმაურებულ თვითმკვლელობებს? სრულიად ლოგიკური იქნებოდა, ეს ბლოგი მაშინვე გამომექვეყნებინა. ასეც ვაპირებდი, მოვხაზე სათქმელი, „შავად“ დავწერე, მაგრამ მერე თავი შევიკავე, გვერდზე გადავდე... ვიფიქრე -  ემოციური, ლამისაა ისტერიული საზოგადოებრივი კამპანიის ნაწილი თუ გახდებოდა, ჩაიკარგებოდა, ნაკლებად მიიქცევდა ყურადღებას და ეფექტიც, შესაბამისად, ნაკლები ექნებოდა... გადავდე და მიმავიწყდა... ამას წინათ კი ახლობელმა მითხრა, ჩემმა ქალიშვილმა ორი შეკვრა ძილის წამალი დალიაო... რაღაც ხნის მერე კი გვითხრაო, რაც  გააკეთა... სასწრაფო გამოვიძახეთ და გადავარჩინეთო... ჰოდა, მეც გამახსენდა ეს ტექსტი... ჩვენდა სამწუხაროდ, სუიციდის თემა მარადაქტუალურია...

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი. 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები