მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

არასწორი შრომით გატანჯულთა შესახებ

×
შოთა იათაშვილი
ავტორის გვერდი შოთა იათაშვილი 2020-02-12 20846

ადამიანის ცხოვრება სამ მეტ-ნაკლებად თანაბარ ნაწილად იყოფა - ერთი მესამედი ძილში გადის, მეორე - შრომაში, მესამე კი - “თავისუფალია”. ის დრო, რომელიც განგებამ შრომისთვის გამოგვიყო, მუდამ ყველაზე პრობლემური იყო და ახლა მსურს, მასზე გესაუბროთ. 

თუ დიფერენცირებას გავაკეთებთ, ესაა სწავლასა და შრომაში გავლილი დრო. თავისთავად, სწავლა შრომის ნაირსახეობაა, თუმცა კი ესაა მზადების პროცესი, რათა ადამიანმა სამომავლოდ კვალიფიციურად იშრომოს. ანუ ამ ბმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - თუ რამდენად ეფექტურად რეალიზდება სწავლაში დახარჯული დრო და ენერგია შრომისას. და რაც უფრო სუსტია ეს ბმა, რაც უფრო დაუკავშირებელი ხდება ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან, მით უფრო რთულდება ადამიანის ცხოვრება: ხდება პრობლემური წმინდა პრაგმატული, ფინანსური თვალსაზრისითაც და ხდება ფსიქოლოგიური ტრავმების მომტანიც. 

ეს იმიტომ, რომ ადამიანს უწევს იმ შრომის გაწევა, რომელიც მის მიერ შეძენილ ცოდნაზე არაა დამყარებული, რის გამოც დიდი ალბათობით ვერ იქნება კვალიფიციური და აქედან გამომდინარე, დაბალანაზღაურებადიცაა. და ის განცდა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა უსარგებლოა, არის საფუძველი იმ ნეგატიური განწყობების, რაც ადამიანში ფეხს იკიდებს და ღრმავდება, თუკი გამოსავალი ვერანაირად ვერ მოიძებნა.

შეიძლება ითქვას, რომ ესაა პირველი დონე, სადაც ჩანს ის სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც სამუშაო პირობებთან, სამსახურის შოვნასთან დაკავშირებით ქართულ მოსახლეობას საკმაოზე მეტი ხანია, რაც გააჩნია და რაც დროთა განმავლობაში სულ უფრო მძიმდება და ახალ, მუქ შტრიხებს იძენს. ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იქ შრომობს, სადაც მისი ადგილი არაა და უმუშევრები კი ასევე ძირითადად იქ ეძებენ სამსახურს, სადაც წესით არაფერი უნდა ესაქმებოდეთ, ადამიანთა სასოწარკვეთილებისა და ტრაგედიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება. 

უკვე ვთქვით, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების დაახლოებით ერთ მესამედს შრომაში ატარებს. ეს კი ძალიან დიდი დროა და თუ ეს შრომა არამოტივირებულია, ის თანდათან ტანჯვად იქცევა. აქ  მნიშვნელოვანია ის, რომ ნორმალური, კარგი ხელფასიც კი საკმარის მოტივაციას არ წარმოადგენს, თუ ეს შრომა აცდენილია ინტერესებს, თუ ის ადამიანს კმაყოფილებას არ სძენს, თუ ხანდახან მაინც სიამოვნების განცდას არ უტოვებს. აქ არაა ლაპარაკი, მაინცდამაინც ინტელექტუალურ და ესთეტურ სამუშაოზე, სიხარული და ესთეტიკა შეიძლება ნებისმიერ სამუშაოში იდოს, თუკი შემსრულებელი მას თავის საქმედ აღიქვამს. მაგალითად, ქალაქურ ფოლკლორში დამკვიდრებული ხალისიანი, მოღიღინე ქურთი მეეზოვის ტიპაჟი მე არანაირად არ მგონია ყალბი, რადგან ის პროცესი, რომელშიც ალიონზევე ერთვება “სანიტარული დასუფთავების მუშაკი”, სწორედაც რომ ესთეტურია და არაა გასაკვირი, კარგ განწყობას და სიხარულის ნაპერწკალს ბადებდეს ადამიანში, რომელიც მშობლიურ ქალაქს სისტემატურად სილამაზის ელფერს უბრუნებს ხოლმე. ასეთი მომენტები აჩენს ჩართულობის განცდასაც. თუ ადამიანი შრომისას გრძნობს, რომ სამყაროსთვის რაღაც საჭიროს აკეთებს და ეს სწორედ მისი გასაკეთებელი საქმე იყო, მაშინ ყველაფერი რიგზეა. 

ეს მეორე “ლეველია”, რომელიც ხშირად გაუცნობიერებლად მუშაობს, და განსაზღვრავს იმას, თუ რამდენადაა ადამიანი კმაყოფილი, თუ პირიქით, დათრგუნული საკუთარი სამუშაოთი. ამ რამდენიმე წლის წინ ერთმა ნაცნობმა პოეტმა, რომელიც პირველად იყო საქართველოში, მითხრა, თბილისი ძალიან მელანქოლიური ქალაქია, ქუჩებში რომ დავდივარ, სულ ვხედავ ადამიანებს, რომელთაც უბედურება სახეზე აწერიათო. ეს ჩემთვის საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან მუდამ მეგონა, რომ თბილისელის გატანჯულ სახეს ისევ ჩვენ თუ დავინახავდით, უცხოელებისთვის კი მხოლოდ სიხარულს და ბედნიერებას ვასხივებდით. რამდენიმე თვის წინ ეს პოეტი მეორეჯერ გვესტუმრა და რომ მნახა, იგივე გამიმეორა: ძალიან მელანქოლიურია შენი ქალაქი, ადამიანებს რომ ვუყურებ, გული მიკვდება, გუშინ ღამით, საწოლში რომ ჩავწექი, ვიტირე კიდეცო…

ასეთი რა ტანჯვა დაინახა უცხოელმა პოეტმა თბილისელების სახეებზე, რომ მარტო დარჩენილმა, ლოგინში, ცრემლები ყარა? რომ დავფიქრდი, მომეჩვენა, რომ ამის მთავარი მიზეზი სამსახურია. საქართველოში ადამიანი ან უმუშევარია და სამსახურის შოვნაზე ფიქრითაა დატანჯული, ან აქვს სამსახური, მაგრამ იქ არანაირად არ მიუხარია, მუშაობს, მაგრამ სულს უხუთავს ის საქმე და გარემო, სადაც შრომა უწევს. ის ადამიანები, რომლებიც მელანქოლიური სახეებით (ეს სიტყვა აქ მეტისმეტად კეთილშობილურადაც კი ჟღერს) დადიან თბილისში (თუ საქართველოს სხვა ქალაქებში), ძირითადად არასწორად შრომობენ და ამის მძიმე კვალი ატყვიათ მუდამ.

და საიდან ეს ამდენი არასწორი შრომა? რაღაც მიზეზები უკვე ჩამოვთვალეთ, მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც მესამე “ლეველზე” გაგვიყვანს. ესაა იდეოლოგიზირებული შრომა. არცთუ ცოტაა ისეთი სამუშაო, რომელიც აქტიურად თუ არა, პასიურად მაინც, ადამიანისგან რომელიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე დგომას ითხოვს. ის, ფორმალურად მაინც, რომელიმე იდეოლოგიის მომხრეთა რიგებში უნდა ჩაეწეროს და ამ დამღით იშრომოს. და არიან ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ პროცესებს და ამაში იღებენ ანაზღაურებას და არიან ისინი, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ მიცემულ დავალებებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არც მმართველები არიან ხოლმე ამ იდეოლოგიის გულმხურვალე მიმდევარნი და არც რიგითი შემსრულებლები. არადა ქვეყანაში ასეთი პოლარულობაა - ან ერთის იარლიყი უნდა აიკრა, ან მეორის, რადგან სხვა გამოსავალი თითქმის არაა, რადგან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ფული და სამუშაო ადგილები ან ქოცების ხელშია და ან ნაცების. აქედან გამომდინარე, ადამიანები სრულიად შემთხვევით ხვდებიან ან ერთგან, ან მეორეგან, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ძაბავს მათ, ძაბავს მათ ურთიერთობას საწინააღმდეგო პლატფორმაზე ასევე შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებთან და რაც მთავარია, შრომის პროცესს უსიამოვნოს ხდის.  საბჭოთა პერიოდში იყო ერთიადერთი იდეოლოგია, ამ იდეოლოგიის ქვეშ ყოფნა ითვლებოდა მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქ კონიუნქტურად და ეს მოსახლეობის ერთ ნაწილს მეორე ნაწილთან არ აპირისპირებდა. ეს იყო ერთი იდეოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი საზოგადოება, ახლა კი ვხედავთ ორ წნეხს შორის მოქცეულ საზოგადოებას, რომელსაც, რეალურად, ეს გარედან თავსმოხვეული ისტერიული იდეოლოგიები საშინლად თრგუნავს. ადამიანებს სურთ უბრალოდ, პატიოსნად იშრომონ ამ დიამეტრულ პოლიტიკურ პლატფორმებზე დგომის გარეშე, მაგრამ მათ ამის საშუალება პრაქტიკულად არ ეძლევათ.

ანუ საქართველოში სამსახური ხშირად არაა დაფუძნებული დაგროვილ ცოდნაზე, ემოციური პოზიტიური კავშირი არა აქვს ადამიანთან და სრულიად მიუღებელ იდეოლოგიურ პლატფორმაზეა განთავსებული. და გარდა ამისა, ის ხშირად სიცოცხლისთვის საშიშიცაა. ეს უკვე მეოთხე დონეა, და ჩვენ ყოველდღე ვხედავთ და გვესმის შრომის პროცესში დასახიჩრებულთა და დაღუპულთა შესახებ: ხარაჩოებიდან ჩამოვარდნილი მუშები, ჩანგრეულ მაღაროებში მოყოლილი მეშახტეები… უკვე თითქოსდა სრულიად უსაფრთხო სამუშაოც კი აღარაა უსაფრთხო. აგერ, ამას წინათ “სპარ”-ის კონსულტანტს მთვრალმა კლიენტებმა ფილაქნის ქვით თავი გაუხეთქეს და 20 წლის სტუდენტი ბიჭი ერთი თვე კომაში ყოფნის შემდეგ გარდაიცვალა…

და თუ აქ გამოსავალი არა ჩანს, მაშინ სადაა გამოსავალი? საზღვარგარეთ გაქცევასა და იქ ნაპოვნ სამუშაოში, ხშირად არალეგალურში, და ხშირად იმავე ნიშნებით აღბეჭდილში, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ? კი მაგრამ, თუ ეს ნიშნები იქაც სახეზეა, რანაირადაა ეს გზა გამოსავალი? მხოლოდ იმიტომ, რომ ანაზღაურება შეიძლება იყოს უფრო მაღალი და თანხის დაგროვების პერსპექტივა გააჩინოს? ალბათ ბევრი ფიქრობს ასე და ამიტომაც მიელტვის სამუშაოს უცხოეთში. ცოტა ხნის წინ ქვეყნის რეალურმა მმართველმა მოსახლეობა წააქეზა კიდეც ამ მიმართულებით და რაღაც დახმარებებსაც, კერძოდ კი შრომის ლეგალიზებას შეპირდა. ესაა საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი პრობლემის თავიდან მოშორების, მისი სხვა ველზე გადატანის მცდელობის მკაფიო და ურცხვი ნიმუში. ესაა აღიარება იმისა, რომ არავითარი კონცეფცია და პერსპექტივა არ ჩანს ქვეყნის შიგნით შრომის ეთიკის საკითხების მოგვარებისა. ესაა აღიარება, რომ სახელმწიფო არანაირად არ ზრუნავს შრომითი რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე, რათა ეს ერთი მხრივ ქვეყნისთვის, ხოლო მეორე მხრივ დასაქმებული ადამიანისთვის ერთნაირად სასარგებლო იყოს.

ხოლო თუკი საზღვარგარეთ შრომის დამამძიმებელ გარემოებებს დავაკვირდებით, ეს მეხუთე დონე იქნება ჩვენი ანალიზისა. ჩემი გადასახედიდან შრომა იქაც სრულიად არაორგანულია (თუკი სამეცნიერო-სახელოვნებო სფეროში წარმატებულ ადამიანებს არ მივიღებთ მხედველობაში) და მხოლოდ ერთადერთი, ზემოთ აღნიშნული პლიუსი გააჩნია - იმაზე უფრო მაღალი ჯამაგირი, რაც საქართველოში შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. თუმცა აქ უკვე სრულიად უცხო გარემოს ადეკვატურად აღქმის, მასთან შეგუების პრობლემები იჩენს თავს. ესაა ფსიქოლოგიური ტრავმების საბადო. ადამიანები ხშირად ექცევიან ეგზისტენციალურ  მარტოობაში, ამასთან მაქსიმალურად მალავენ ამ განცდებს და მატერიალურად შედარებით კეთილმოწყობილი ცხოვრება ვერანაირად ვერ შველის მათ, რათა დაძლიონ ეს სირთულეები. და თუკი ისინი შემთხვევით, სამუშაოდ უცხოეთში წასულნი, მაინც “ქართულ გარემოში” მოხვდებიან, არ გეგონოთ, რომ ეს გამოსავალი იქნება. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ წაიკითხოთ სოსო მეშველიანის მოთხრობები წიგნიდან “ქუნარეში”, სადაც დოკუმენტური შემზარაობით არის მოთხრობილი, თუ როგორი დაუნდობლობით ექცევიან ერთ სამუშაო სივრცეში მოქცეული ქართველები ერთმანეთს, როგორ ცდილობენ ერთმანეთის დაჩაგვრას და ბოროტად გამოყენებას, რაც დიდი წარმატებით გამოსდით კიდეც, რადგან ადამიანს, რომელიც სისუსტეებს ავლენს, ამ სიტუაციაში ელემენტარულად გაქცევის საშუალებაც კი არა აქვს ხოლმე.

ერთი სიტყვით, შინ თუ გარეთ, საქართველოს მოქალაქე გატანჯულია არასწორი შრომით და მიზეზები ამ არასწორი შრომისა ძალიან კომპლექსურია.  აქ აღარ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, თუ რა დღეში ვარდებიან ის ადამიანები, რომლებსაც რაღაც კონკრეტული სტიგმის გამო თითქმის დაკარგული აქვთ სამუშაოს პოვნის შანსი და ამიტომ, ჩაძირულნი ამ უპერსპექტივობაში, ან სულიერად დამამცირებელი გზებით ცდილობენ საარსებო  საშუალების მოპოვებას, ან ყოველივე ეს კანონის დარღვევისკენ უბიძგებთ ხოლმე. ეს ცალკე თემაა და საჭიროა მეტი სოციალური აქტივობა ასეთი ფენის გადასარჩენად.

დაბოლოს: როცა თანამედროვე ქართული შრომის სიმძიმეებზე დავიწყე ფიქრი, გამახსენდა საბჭოთა პერიოდში არსებული შრომის წიგნაკები. მასში იწერებოდა ყოველ ახალ სამსახურში მისვლის და მერე იქიდან წამოსვლის ვადები. ყველას ჰქონდა მაშინ ეს საბუთი, რადგან თუ არ მუშაობდა, ფორმალურად მაინც იყო სადმე გაფორმებული - იმ სახელმწიფოში ხომ უმუშევარი ადამიანი დაუშვებელი იყო. შრომის წიგნაკი კი იყო რუხი ფერის, სრულიად უჟმური, რომელშიც სიხარულის და ოპტიმიზმის ნატამალიც კი არ კრთოდა. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა დიზაინერებმა თავის დროზე ძალიან ზუსტად შეურჩიეს ტონალობა ამ დოკუმენტს. მაგრამ მე მგონია, დღევანდელ საქართველოში რომ არსებობდეს მსგავსი შრომის წიგნაკები, ისინი გაცილებით შესატყვისი იქნებოდა რეალობის, ვიდრე ეს საბჭოთა ეპოქაში იყო, ოღონდაც, მეტი ადეკვატურობისთვის ალბათ აჯობებდა, ეს უჟმური რუხი ფერი ჩვენ შემთხვევაში წითლად დაწინწკლულიც ყოფილიყო...

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი. 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები