კრონოსის ეფექტი
ბლოგები

კრონოსის ეფექტი

დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა
დემურ სტურუა
 
ამ ცხოვრების დედაც
ლუკა სირაძე
 
როცა დემურ სტურუამ თავი მოიკლა და შემდეგ მის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი უდანაშაულოდ სცნეს, მივხვდი, რომ 2012 წელს არაფერი შეცვლილა, საერთოდ არაფერი. შეიცვალნენ სახეები, აქტორები, შემსრულებლები, რომლებიც თავიდან გვიღიმოდნენ კიდეც, პასუხებსაც თავაზიანად გვცემდნენ, მირონმდინარე დემოკრატიასა და საოცნებო სასამართლოს გვპირდებოდნენ,  მაგრამ როგორც კი  შეუზღუდავი ძალაუფლება იგრძნეს, როგორც კი მიხვდნენ, რომ ამდენი „თავზე ხელის გადასმაც“ ზედმეტი იყო ჩვენთვის, ღიმილი შარშანწინდელი თოვლივით გაქრა. გაქრა იმის იმედიც, რომ ოდესმე ისეთი ხელისფულება გვეყოლება, რომელიც არათუ დაიტერესდება მოსახლეობის რეალური პრობლემებით, უბრალოდ, სასიკვდილოდ არ გაწირავს უდანაშაულო მოქალაქეს, თავს არ მოაკვლევინებს, ფანჯრიდან არ გადააგდებს და ლოგინში ტყვიას არ დაახლის.  ჩვენთან ასეა, მეორე ვადით არჩეულ ხელისუფლებას, როგორც წესი, თავი მარადისობის ბინადარი ჰგონია.
 
თუ სისტემას ერთი დანაშაული შერჩება, ის აუცილებად გაიმეორებს. ამის მოწმეები 2003 წლიდან ხშირად გავმხდარვართ. რამდენიმე თვის წინ 15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა. სისტემის მორიგი უდანაშუალო მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოლომდე ცდილობს ხელი დააფაროს ჯალათებს, რადგან ჯალათები ყველა ხელისუფლებას სჭირდება. ჯალათის პოსტი ყოველთვის ვაკანტურია.
 
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის რომანში მთავარი გმირი იბრძვის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, რომ არაფერი ჩაუდენია, და რა თქმა უნდა, მას არაფერი ჩაუდენია, უბრალოდ, სისტემამ გადაწყვიტა პასუხი აგებინოს იმისთვის, რომ არაფერი ჩაუდენია. მთელი სიუჟეტის განმავლობაში იოზიფ კ (მთავარი პერსონაჟი) ეძებს სამართალს, ეძებს და ვერ პოულობს. ზუსტად, ასეთი გრძნობა მაქვს, როცა ცალკეულ ქეისებს ვუყურებ, სადაც სისტემა ერთი ადამიანს ან ოჯახს უპირსპირდება. 
 
ჩვენ ყველანი იოზეფ კ-ს ბედს გავიზიარებთ, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ დაგვსაჯოს. პიროვნება ზედმიწევნით განწირულია, როცა ძალაუფლების ცენტრთან შედის კონფლიქტში. სისტემა ყოველთვის მზადაა ყველაზე ბინძური, საბჭოთა მეთოდებით ბოლოს მოუღოს ინდივიდს. თუ ფიზიკურად არ ანადგურებს, მორალურად იმ დონემდე მიჰყავს, რომ ერთადერთ გზად ქვეყნიდან გაქცევას უტოვებს.  და თუკი, ოდნავ მაინც სასწორის პინა მის საწინააღმდეგოდ გადაიხრება, მაშინვე ტროლ-ბოტთა ქარხანა ამუშავდება და ასე მოწყვლად საზოგადოებრივ აზრს სათავისოდ შემოატრიალებს. ან თუ ტროლ-ბოტებმა ვერ ივაჟკაცეს, „სისხლიანი ცხრა წელი“ ბოლოსთვის შემონახული ჯოკერივითაა, რომელიც ჯერჯერობით ჭრის. ასე წრეზე ვტრიალებთ, და ამ ტრიალში ყველაზე მნიშვნელოვანს ვკარგავთ - ემპათიას.
სინოდის სხდომის შემდეგ, რომელიც 2019 წლის 31 ოქტომბერს შედგა, თითქოს მთელი ქვეყანა მძაფრსიუჟეტიან ფილმს დაემსგავსა, თან საკუთარ საქმეზე შეყვარებული რეჟისორი, უბრალოდ, არ ჩერდებოდა და ექშენ სცენებს ყოველდღიურად გვთავაზობდა. მგონია, ასეთი პერიოდის მერე მოსახლეობის დიდ ნაწილს, უბრალოდ ნერვული აშლილობა ეწყება, რასაც საბოლოოდ ემპათიის დაკარგვამდე მივყავართ. 
 
რატომ დადის ქუჩაში თავისუფლად დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიმყვანი პოლიციელი? რატომ დუმს ხელისუფლება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შესახებ? როგორ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანა? კიდევ რამდენი უდანაშაულო ადამიანი უნდა შეეწიროს სისტემას, რომ უფრო ხმამაღლა და გარკვევით დავაყენოთ, არა კონკრეტული დამნაშავის დასჯის საკითხი, არამედ მთლიანი სისტემის, რომელიც კრონოსივით თქვლეფს საკუთარ მოსახლეობას.
 
P.S არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ 2020 წლის არჩევნებზე? უბრალოდ, ერთი რამ, რაც უნდა მოხდეს, არის მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც უფრო მეტი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი მოხვდება, ვიდრე დღესაა. შემოდგომის არჩევნებზე არმისვლა ჩვენს მომავალს იმაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ვიდრე დღესაა. ან უფრო, პირდაპირ რომ ვთქვათ, თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც კრებითი „ოხანაშვილ-მდინარაძე“ ისურვებდა, მივიღებთ მოცემულობას, სადაც ცხოვრება უმრავლესობისთვის წარმოუდგენლად აუტანელი იქნება. ჰო, თუ უკვე არ მივიღეთ.
 

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი. 

 


ამავე კატეგორიაში





პარტნიორები