მეორედ მოსვლა
ბლოგები

მეორედ მოსვლა

კარლო კოპალიანი დამესიზმრა. აი, ის კარლო კოპალიანი, წინასაახალწლოდ რომ თავი გვალანძღინა: სად არის სიღატაკე, ჰიპერმარკეტებში, ბაზარში ფიზიკურად ვერ გაივლით, თუ ხალხს ფული არა აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევაო. აი, ის კარლო კოპალიანი, ფეისბუქის „პატრონს“ რომ ურჩია, ორმხრივად ემოქმედა და ბოლოს, ის კარლო კოპალიანი დამესიზმრა, გეპეის კანცლერად რომ აირჩიეს.

სიზმარში ვერ ხვდები, რას უნდა ნიშნავდეს კონკრეტული ადამიანის დასიზმრება, ან რაიმე მოვლენის, მაგრამ თვითონ ფაქტი იყო საიტერესო - რომ ამდენი უმაქნისი დეპუტატებიდან მარტო კარლო კოპალიანი დამესიზმრა (ხომ შეიძლებოდა, ვინმე წესიერი დამსიზმრებოდა უმრავლესობიდან, თუმცა ეგეთს სად ნახავ ამ პარლამენტში!  მაგრამ არა, მაინცდამაინც ეს.) თუმცა ვიტყუები - ფეისბუქზე, წლის ბოლოს  ყველაზე მეტად სწორედ ამ კაცს ვაგინე. ალბათ მაგიტომაც. თუმცა რა ჩემი ბრალია, ზედიზედ, ერთმანეთის მიყოლებით ისეთი „მარგალტები“ გამოაფრქვია, კარგადნაჭამი პირიდან, რომ სხვას არც იმსახურებდა.

მოკლედ, დამესიზმრა ეს ჩვენი კარლო. ჩვენი რა, იმათი იყოს. (იცით ხომ ასეთი ტერმინი? უხეირო ტიპებზე ამბობენ, ჩვენი არა, იმათი იყოსო.) დამესიზმრა, პატრიარქის წინ იყო დაჩოქილი და გულმხურვალედ ევედრებოდა, (თუმცა ტონი მაინც დეპუტატის ჰქონდა), ეხვეწებოდა, რაღა ახლა, თქვენო უწმინდესობავო, იქნებ ორი ან სამი წლით გადასწიოთ ეს ოხერი მეორედ მოსვლაო. რას არ სთხოვდა, რას არ ჰპირდებოდა : საპატრიარქოს ბიუჯეტის გაზრდიდან დაწყებული, აუარებელი მიწების უფასოდ გადაცემით დამთავრებული. ერთ ქალბატონზეც შეჰპირდა, მოგაშორებ, მთავრობაში  ვიცე-პრემიერად წავიყვანთო, ახლა მაინც სულ ქალებია მოდაში თანამდებობებზეო.

წამიერად გული დამეთუთქა, მე ხომ სიზმარში ვიყავი. ჯერ თავჩარგული ლუღლუღებდა, სულ ახლახან დავინიშნე ამ გეპეის უფროსად და ეგება ორი, სამი, ან ოთხი წელი მაცადოთო. შემებრალა, მართლა ეგონა, რომ მეორედ მოსვლა პატრიარქზე იყო დამოკიდებული. პატრიარქი ჩვეული სიდინჯით, თავდახრილი და თვალებდახუჭული თავის სკამზე იჯდა. თავი არც ასწია, ისე ჰკითხა ჩვენს (იმათ) კარლოს, თქვენ არ გიცნობთ, პირველად ხართო? კარლო დაიბნა. წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. დამავიწყდა მეთქვა, რომ საპატრიარქოს ფანჯარასთან იღლიებში ხელებამოწყობილი მარკ ცუკერბერგი იდგა, თავისი უცნაური ღიმილით. ამას კარლო ვერ ხედავდა, რა თქმა უნდა. ამას მხოლოდ მე ვაფიქსირებდი. უცბად განრისხდა ჩვენი (იმათი) კარლო და მაღლა აიხედა, ხელები აღაპყრო ჭაღისკენ და ღმერთს შეუძახა: სად მოდიხარ, რომ მოდიხარ, შე კაი კაცო! ცოტაც დაგვაცადე და ჩვენ თვითონ ამოგაკითხავთ, აქ ისეთი საგიჟეთია, შენც არ დაგედგომებაო.

აქ გაწყდა ჩემი სიზმარი. დილით, ჩვეულებისამებრ, ფიქრებმა შემიყოლია. კი დამსიზმრებია სხვადახვა პოლიტიკოსი - უმაქნისები, მაქნისები, დიდი პოლიტიკოსები, საშუალო თუ მცირე, მაგრამ ვერაფრით ავხსენი კარლო კოპალიანის დასიზმრება, გარდა იმ ფაქტისა, რაც თავში ვთქვი. მომერიდა მიმეწერა იმ ფეისბუქ მეგობრებისთვის, რომლებმაც  ჩემზე კარგად და ლაკონიურად აგინეს კარლოს, მაგრამ მომერიდა. მომერიდა არა, შემეშინდა, სულელად ჩამთვლიან-მეთქი (მტრისას, თუ ფეისბუქზე ერთხელ მაინც სულელად ჩაგთვალეს). ამ ფიქრებით მივატანე დღის თორმეტ საათს და... საინფორმაციოს ჩართვისთანავე გაწვერიანებული, მეორედ მოსული ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს შეკითხვებს პასუხობდა. უცბად სიცივე ვიგრძენი, წამიერად გამახსენდა რომ ირაკლი შოთაძე გეპეიმ წარადგინა  მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. გეპეის უფროსი კი კარლო კოპალიანია. აქ გაიხსნა სასიზმრეთის კვანძი. მაგრამ მაინც, რაღა კარლო კოპალიანი და მეორედ მოსული ირაკლი შოთაძე? ეს კითხვა დღემდე უპასუხოდ დამრჩა. მეორედ მოსულების მეტი რაა, შეკაცო, - ვეკითხები ჩემს თავს. გენახა, მაგალითად, ჩხენკელი, მგონი, განათლებისა და რაღაცის მინისტრია. ბედი არ მაქვს, ჩემი ნანახი სიზმრის ლოგიკით იქვე ექვთიმე თაყაიშვილს მაინც ვნახავდი, მაგრამ ეს უკვე ჩემი უიღბლობის ამბავია. მეორედ მოსულია ირაკლი ღარიბაშვილიც, მაგრამ აქ, დიდი-დიდი, მისი სიმამრი მენახა სიზმარში და მასთან ერთად გეოგრაფიულადაც წავიწევდი წინ, ვნახავდი პანკისის ლამაზ ხეობას, გატაცებულ ხალხს, ბევრ ნარკოტიკს. არა, ამის ნახვა არც მე მინდოდა.

მინდოდა ბიძინა ივანიშვილზეც თქმა, მაგრამ ეს არ ითვლება. ის სულ იყო და მეორედ მოსვლაში არ ეთვლება პარტიის თავჯდომარედ მოსვლა. ვნახოთ, თუ პრემიერად დაბრუნდება, მაშინ შეიძლება კიდევ ერთი სიზმრის გადმოგდება წყალობად სასიზმრეთის უფროსისგან. მაგრამ რა ვქნა, ახლა სიზმრად ნანახ კარლო კოპალიანს და მეორედ მოსულ ირაკლი შოთაძის ამბავს უნდა დავჯერდე.

თუმცა ხდება ისეც, რომ სიზმარი მთლიანად ახდება, ან სანახევროდ, ან საერთოდაც არა. შეიძლება ჩემი სიზმარი სანახევროდ ახდეს და საპროკურორო საბჭომ არ დაამტკიცოს ირაკლი შოთაძე, ანუ როგორც უბრალო ხალხი ვიტყვით, მწვანე არ აუნთოს. მაგრამ ფაქტია, რომ მეორედ მოსვლა არსებობს აქ და ახლა. რა თქმა უნდა, შემდავებლებიც გამოჩნდებიან და შემახსენებენ დიდი ქვეყნების დიდი პოლიტიკოსების მეორედ მოსვლის ისტორიას: გროვერ კლინველდი აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც „მეორედ მოვიდა“ (22-ე და 24-ე პრეზიდენტი იყო), ჩერჩილი, რომელიც პრემიერობის დაკარგვის შემდეგ ექვსი წელი ოპოზიციაში იყო და „მეორედ მოვიდა“ პრემიერად, თუმცა ისინი ხალხმა მოიყვანა მეორედ და არა „კაცმა მეორედ მოსვლამ“ (ასე დავარქვით ჩემთან, სახლში ბიძინა ივანიშვილს).

 „ხანდახან ასეთ მეორედ მოსვლას სულ მუდმივად ყოფნა სჯობს, ტაკიმასხარაობაა და სხვა არაფერი“, - იტყვის ხოლმე ჩემი ერთი ნაცნობი, რომელსაც დაბნეული და გაჩუმებული ვერაფერს ვპასუხობ, ისე როგორც ვერაფერს პასუხობენ სამარცხვინოდ წასული და სამარცხვინოდ მოსული პოლიტიკოსები, ანდა რა უნდა ქნან ? სინამდვილე ხომ ესაა, რომ მეორედ მოსვლას მათ არავინ ეკითხება, ისე როგორც პირველად წასვლას და თუ რამე, მეორედ წასვლასაც... სასეიროდ არ გვაქვს საქმე, არც პოპკორნის საჭმელად, მაგრამ მაინტერესებს, თუკი პატრიარქს აუხდება სიტყვები და 3 წელიწადში „ის“ მეორედ მოსვლა მართლა მოხდება, როგორ შეხვდებიან ერთმანეთს მიწიერი მეორედ მოსულები და ზეციურები.

მე მაინც ჩემი სიზმრის გმირი მაინტერესებს: სად იქნება მაგ დროს კარლო კოპალიანი?

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი. 


ამავე კატეგორიაში





პარტნიორები