განცხადებები

პენცენტრის სოლიდარობა ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძეს

×
წყარო: Facebook
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 19170
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს რუსულ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ფაშისტური ჯგუფის წევრები ემუქრებიან.
 
"ულტრანაციონალისტური მოძრაობის წევრი თორნიკე ვაშაკიძე რუსულ პროპაგანდაზე გაკეთებული სიუჟეტის გამო მხოლოდ შეურაცხყოფას კი არ მაყენებს, სარზე დასმით მემუქრება და სამსახურში, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მოლოტოვის კოქტეილების შემოგდებას აპირებს, როგორც თავად ამბობს. ვიღაც ტროლი, ამოფარებული გერმანულ სახელსა და გვარს, მეუბნება, რომ არაბი კაცებისგან ჯგუფურ სექსუალურ ძალადობას ვიმსახურებ. ნუ, გინებაზე არაფერს ვამბობ, უკვე მივეჩვიეთ ჟურნალისტები. არსებობს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი ასეთ დროს?"- წერს თუთბერიძე ფეისბუქზე.
 
„საქართველოს პენცენტრი“ სოლიდარობას უცხადებს კოლეგას - პოეტსა და ჟურნალისტს - ქეთი თუთბერიძეს. მიგვაჩნია, რომ მუქარა მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია. ერთი მხრივ, დანაშაულია ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობისთვის ხელის შეშლა, მეორე მხრივ კი, ამას ემატება უფრო დიდი დანაშაული - მუქარა, რომლის საფრთხის რეალურობა არაერთხელ გამოჩენილა, განსაკუთრებით კი ულტრანაციონალისტური მოძრაობის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ ვიტალი საფაროვი სწორედ ერთ-ერთი ულტრანაციონალისტური დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ულტრანაციონალისტური და ფაშისტური დაჯგუფებების წევრები უკანონოდ ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღს. ერთ-ერთი მათგანი, თორნიკე ჭელიძე, სწორედ ამ მუხლითაა ბრალდებული (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება).
 
ცხადია, ჟურნალისტისადმი ღია მუქარის ფონზე, სხვა, ნაკლებად ხილული პროფესიის წარმომადგენელს კიდევ უფრო მეტი საფრთხე ელის, რაკი არაა გარანტირებული, რომ ხმას მიაწვდენს ფართო აუდიტორიას.
 
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც მუქარას გულისხმობს. „საქართველოს პენცენტრი“ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიონ არა მხოლოდ ქეთი თუთბერიძისადმი მიმართული მუქარა, არამედ, ზოგადად, ამ ფაშისტური ჯგუფების საქმიანობა, რადგან ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ისინი აგრესიულად ცდილობენ ამ ქვეყნის მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და უარეს შემთხვევაში, სასიკვდილოდაც უსწორდებიან მათ.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები