დააკავეს მწერალი ირაკლი კაკაბაძე

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 32710

დღეს, 4 თებერვალს დააკავეს პენცენტრის წევრი ირაკლი კაკაბაძე, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და პოლიტიკოსი კახა კუკავა. მათ წინააღმდეგ ბრალი მუქარის მუხლით დაიწყო. როგორც მედიაში გახდა ცნობილი, ისინი საკუთარი ბინიდან მევახშის მიერ გამოსახლებული მოქალაქის, მარინა ხატიაშვილის უფლებების დასაცავად იყვნენ მისულები. როგორც მწერალი ზურაბ რთველიაშვილი აცხადებს, მევახშის ადვოკატმა ცრუ ჩვენება მისცა. გთავაზობთ რთველიაშვილის განცხადებას:

"ცრუ ჩვენების საფუძველზე მწერალ ირაკლი კაკაბაძეზე, უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილზე და ადვოკატ კახა კუკავაზე აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე. მევახშის ადვოკავტი გიორგი სუხიაშვილი მათ უჩივის საკუთარი განცხადების საფუძველზე .

ძვირფასო პენცენტრის წევრებო, მოგმართავთ ექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარე და გთხოვთ თქვენს რეაგირებას და მხარდაჭერას ჩვენი კოლეგის მწერალ ირაკლი კაკაბაძის მიმართ , რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს სისხლის სამართლებრივ დანაშაულში.

ირაკლი, თავის მეგობრებთან ერთად, იცავდა საკუთარი ბინიდან უსამართლოდ გამოსახლებული მოქალაქის მარინა ხატიაშვილის უფლებებს, ამ ქმედებას ირაკლისთან ერთად აპროტესტებდნენ : ადამიანის უფლებათა დამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, ადვოკატი კახა კუკავა, მწერალი ნაირა გელაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე, მოქალაქეები: ლელა გაფრინდაშვილი , გიორგი ბერეჟიანი და სხვები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოცემულ სიტუაციაში, არანაირ სამართლებრივ დარღვევას არ ჰქონია ადგილი ირაკლი კაკაბაძის და ლაშა ჩხარტიშვილის და კახა კუკავას მხრიდან მხრიდან", - წერია ზურაბ რთველიაშვილის პენცენტრისადმი მიმართვაში.

საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს მწერალ ირაკლი კაკაბაძეს და მასთან ერთად დაკავებულებს. მოვუწოდებთ სასამართლოს, ნუ მოექცევა ბრალმდებლის ზეგავლენის ქვეშ და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.

ჩვენი ორგანიზაცია თვალს მიადევნებს ამ ფაქტს და გვექნება დაუყოვნებლივი რეაგირება თითოეულ გადაცდომაზე. 

პარტნიორები