პროფესიების წინააღმდეგობა
ბლოგები

პროფესიების წინააღმდეგობა

ინტერნეტში რამდენიმე საძიებელი სიტყვაა სულ საჭირო იმის სანახავად, რის ნახვაც/ ხელახლა ნახვაც სჯობს ბევრჯერ გაგონილს. ალბათ, საძიებელ სისტემაში უნდა ჩაიწეროს ,,ტრამპი“ ,,ანტისაიმიგრაციო ბრძანება“ იურისტების მობილიზაცია ,, იურისტები აეროპორტებში“ –  ქვეყნის საუკეთესო იურისტები ამ ფოტოებზე აეროპორტების იატაკებზე სხედან, სწორედ ამ ფოტოებზეა საუბარი.

ვისაც მაშინ ყურადღება არ მიუქცევია ან აშშ-ში მიმდინარე პროცესებისთვის სულ არ ეცალა, აი, ინფორმაციაც: 2017 წლის იანვარში დონალდ ტრამპის განკარგულებით, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა უკანონოდ აეკრძალა სულ მცირე, შვიდი მუსლიმური ქვეყნის ვიზიან მოქალაქეებს. ადამიანებს აეროპორტებიდანვე უპირებდნენ უკან გაბრუნებას - ხშირად, ქვეყნებში, საიდანაც წლების წინ იყვნენ წამოსულები.

 ათასობით ამერიკელმა იურისტმა მიატოვა ყველა საქმე, ოჯახები - დასვენების დღეებში, და ქვეყნის დიდ აეროპორტებში დაიწყეს შეკრება, ადამიანებს რომ დახმარებოდნენ. მხოლოდ იურისტები არ იყვნენ იქ, იყვნენ მთარგმნელებიც, ექიმებიც - ისეთი ხელობის ადამიანები, ვისი დახმარებაც მაშინ საჭირო იყო. როცა საქართველოში სამუშაო ადგილებზე ისევ ( და ისევ და ისევ..) იღუპება ახალი ადამიანი, იმ დღეების ამერიკას ვნატრობ. ამაზევე ვფიქრობ, როდესაც სუპერმარკეტებში, სამკერვალო ფაბრიკებში - სად აღარ, კაცმა რომ თქვას - რეალურ საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალი ხელფასისთვის მომუშავე ადამიანების წვალებაზე ვკითხულობ რამეს. ან ჩემი თვალით ვხედავ: ჩვენ ხომ შევდივართ სუპერმარკეტებში, ღამით, ადრიანი დილით, ხანდახან ჩაძინებულ, სალაროზე გადამხობილ სტუდენტ მოლარეს ვაღვიძებთ. ქვეყნის კანონმდებლებიც  ხომ შედიან, ნეტავი რას ფიქრობენ ასეთ დროს. ზოგადად, საინტერესოა, ამდენი ადამიანის წუხილისა და ბრაზისგან რატომ არაფერი იბადება.

ამავე დროს, ძალზე უხერხულიც მეჩვენება ასეთი მორალისტური შანტაჟი. მე თვითონაც არაფერი გამიკეთებია, როგორც მოხალისეს, ან ახლა არ მახსენდება. ვფიქრობდი, საერთოდ მეხსენებინა თუ არა კოკრეტული დარგი, სანამ პროფესიების ,,ჰამქრული“ წინააღმდეგობის აუცილებლობაზე გადავიდოდი. თუმცა, ის კი წინდაწინ ვიცოდი, რომ ქართველ არქიტექტორებთან არაფერია მოსარიდებელი.

რასაც ქართველი არქიტექტორები ხმამამოუღებლად ,,ითმენენ“,  რამდენიმე დასაფასებელი გამონაკლისის გარდა ( დიდი მადლობა ამ აქტივისტებს), მგონი, რაღაც თვალსაჩინოებას მოითხოვს და ამიტომ მინდა წარმოვიდგინო ფილოლოგების საზოგადოება, რომლის თვალწინ ჩვენს ენაში არათუ ,, მადლობას მოვიხდი“, ,,მოგვიანებით გილოცავ“, ,,კაფის“ და სხვა ამათი მსგავსი შეცდომები დამკვიდრდებოდა, არამედ მთელი ქვეყანა რაღაც წარმოუდგენელ, მანამდე არნახულ ჟარგონზე ამეტყველდებოდა, ისინი კი სიტყვას არ დაძრავდნენ ენის დასაცავად. პირიქით, თავიანთ შანსს დაელოდებონდნენ და ახალ, გაუგონარ და აღმაშფოთებელ სიტყვებსაც მონდომებით დანერგავდნენ მეტყველებაში, თუ ამ საქმისგან ,,ფული გაკეთდებოდა“. ქართველი არქიტექტორების თვალწინ ბეტონითა და რკინით იფარება ჩვენი ქალაქების ნამდვილი სახე, მას, ამ სახეს, - ბუნებრივს, სადას, ასაკოვანს, მაგრამ მშვენიერს, სამუდამოდ გვავიწყებს ქართველი რესტავრატორების ნახელავი.

 ძალიან ცოტა ადგილი მეჩვენება თბილისში ისეთი მშვენიერი, როგორიც ე.წ. ,,ალექსანდროვის ბაღის“ მომიჯნავე ქუჩებია. ამ ადგილებთან პირადი ბმაც მაქვს, რადგან ეს ბაღი ბავშვობაში ლამის ეზო იყო ჩემთვის, და ამას უფრო იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი ისეთი მიდგას თვალწინ, როგორიც ადრე იყო. რაკი სულ გვქონდა ეს სასაცილო სურვილი - რაღაც, მაინცდამაინც პარიზული დაგვენახა ჩვენს ქალაქში, ეს არეალი ალბათ ამის ყველაზე კარგ თვალსაჩინოებად გამოდგებოდა. მე მაშინდელი ძნელაძის 5-ისთვის მიყვარდა ოდნავ შორიდან გამოხედვა. ქვიშაქვით ( მგონი)  ნაგები ეს სახლი ისე ლამაზად იდგა მაღალი ხეების სიმწვანეში, მარტო, როგორც ჩაფიქრებული ადამიანი -  მისთვის უხვად, თუმცა, ზომიერად დათმობილ სივრცეში, მაგრამ რამდენიღაც წლის წინ ,მოილოდნელად აღმოვაჩინე, რომ სახლის ნათალი ქვა, მისი ბუნებრივად განაცრისფრებული კედლები შეუღებავთ, - ორფრად, მანამდე კი ხაოიანი მასალით შეულესავთ. საბოლოოდ დასამშვენებლად, ფანჯრის ხის ჩარჩოების ნაცვლად, პლასტმასის უპროპორციო, უხეში ჩარჩოები ჩაუსვამთ. კიდევ გავიდა რაღაც ხანი, სანამ იქ ფეხით გავლისას აღმოვაჩენდი, რომ ამ ელეგანტურ სახლში  საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გადასულიყო. იმ დროს სააგენტოს უკვე ,,გამოეჩინა თავი“, მაგრამ შენობის მიმართ ძეგლთა დამცველების ასეთი მოპყრობა მაინც გამაოგნებელი იყო.

 სააგენტოს, ალბათ, - ახლა ასე ჩანს, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მეშლება - პრობლემა არ ექნება, თუ თაბუკაშვილის ქუჩის დასაწყისში მდგარ სახლებსაც დაანგრევენ. მოედნის ქვედა, ფურცელაძის მხარის,  უმდარესი არქიტექტურა დაახლოებით გვიქმნის წარმოდგენას, რას შეიძლება საბოლოოდ დაემსგავსოს ეს მოედანი, რომელიც არც სუფთა ყოფილა ოდესმე, არც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შენობები მდგარა მის გარშემო, მაგრამ ძველი იერი ჰქონდა და არა ისეთი, როგორიც ტრიალ მინდორში აშენებულ ახალ ქალაქსაც შეიძლება ჰქონდეს.

რამაც ამ ბლოგის დაწერა მაფიქრებინა, მაინც გუდიაშვილის ქუჩის განახლების პროექტის ვიზუალიზაცია გამოდგა. ქუჩა საფეხმავლო უნდა გახდეს, ეს ძალიან კარგია, თუმცა, არც არასდროს ყოფილა გავსებული მანქანებით და ადამიანებით, ახლაც, როგორც ადრე, ძალიან წყნარი ქუჩაა. პროექტის ავტორებს - ვინ იცის, იქნებ ეს ის ხალხია, ვინც აღმაშენებლის გამზირს, ანუ ახალ ტფილისს მისცა ის სახე, როგორც ახლა აქვს - ეტყობა, წარმოუდგენიათ, რომ საფეხმავლო ქუჩა და ასფალტი შეუთავსებელია, ამიტომ მისი ტროტუარიცა და სამანქანო ნაწილიც სხვადასხვა ფერის და ფაქტურის ფილებით უნდა აჭრელდეს, ეს სიჭრელე კი ორივე მხარეს გამწკრივებულმა, შავად შეღებილმა ბოძკინტებმა უნდა დაამძიმოს, ისე, რომ ფეხით მოსიარულეს თავი ასტკივდეს, თვალში აუჭრელდეს და, რა თქმა უნდა, ქუჩაზე მდგარი სახლების კამერული სილამაზიდან ყურადღება იმისკენ გადაიტანოს, რაც ფეხქვეშ აქვს. უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ იმაზე ვწერ, რაც ჩემი საქმე არ არის, მაგრამ თვალის აგებულება ყველას ერთნაირი გვაქვს და ასე მგონია, ფეხქვეშ გაგებული ზიპზიპა მასალა ძველი შენობების ( ბიბლიოთეკისა და ლუწი ნომრის სახლების) ,,გაზიპზიპებასაც’’ მოითხოვს, ეს კი სრულიად აკარგინებს კეთილშობილებას ძველ სახლებს და ქუჩებს.

უკრაინა საქართველოზე გამართული ქვეყანა ვერ არის, კორუფიციულობით კი ბევრად ასწრებს, ამიტომ უკრაინული ლვოვის მაგალითით, ალბათ, შეიძლება თქმა, რომ ჩვენც შეგვეძლო, ქალაქის ძველ ნაწილს  გემოვნებით და ფრთხილად მოვპყრობოდით. ლვოვში თბილისზე გაცილებით ძველი სახლები დგას. ქალაქის გულში - ოთხი, ხუთი საუკუნისაც. ამ სახლებში ადამიანებიც ცხოვრობენ, მცირე სასტუმროებიცაა გახსნილი, შესაბამისი, თუმცა, მოკრძალებული კომფორტით  -  შიდა სივრცეები სრულიად მისაღებ მდგომარეობამდეა ბევრ მათგანში მიყვანილი, ფასადებს, ძველ კიბეებს - ზოგი გემრიელად ჭრაჭუნობს - კი თითქოს  ადამიანის ხელი არ  შეჰხებია. სინამდვილეში, შეჰხებია, ოღონდ არა გამოუცდელი და უგემოვნო რესტავრატორის - ქალაქის მერიამ წლების წინ იყოჩაღა და გერმანელ რესტავრატორებთან დადო ხანგრძლივი კონტრაქტი, რომლებიც ქალაქის სიძველეების აღდგენას მოთმინებით და სიფაქიზით შეუდგნენ. ისე, რომ მათი ჩარევა თვალისთვის, პრაქტიკულად, შეუმჩნეველია. 

ჩვენმა ქვეყანამ ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ კორუფცია ამ სივრციდან დიდი ხნით არ წასულა. ჩვენს მოქალაქეებს ბევრი, ბევრი ბრძოლა აქვთ გადასატანი, ეგ ყველასათვის ცხადია, როგორც ის, რომ ამ ბრძოლის რესურსი ახლა მცირეა, რადგან რასაც მოქალაქე ჰქვია, ის ადამიანები არიან ცოტანი.  საკუთარივე მცდელობებით, დისკრედიტირებულია ყველა პოლიტიკური ძალა და ,,სისუფთავის მოყვარულ“ ადამიანებს ჯერჯერობით სხვა ტიპის გაერთიანებებთან უფრო მოეწონებათ დაკავშირება, საქმის დაჭერა თუ მათში გაერთიანება. ახლა ასე ჩანს, ასეთი გაერთიანებები პროფესიული ჯგუფები შეიძლება იყოს. პროფესიულ გაერთიანებებს კი ნამდვილი ძალა მაშინ ექნებათ, როდესაც სხვა მათნაირ ჯგუფებთან დაიწყებენ თანამშრომლობას, ეს პროფესიული გაერთიანებებს ქსელს შექმნის, რომელიც, შესაძლოა, ერთადერთი სანდო და საპატიო ფრონტი იყოს ქვეყანაში, სადაც ყველა და ყველაფერი გასვრილია აქამდე არსებულ ყველა ხელისუფლებასთან კავშირით.

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი. 


ამავე კატეგორიაში





პარტნიორები