განცხადებები

გამოიჩინეთ ისეთივე ოპერატიულობა, როგორიც - გაბუნიას მიერ პუტინის შეურაცხყოფისას

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 2020-06-16 9693
15 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიზანი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლა იყო. ეს ფაქტი დღეს დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. 
 
მე, როგორც საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, სოლიდარობას ვუცხადებ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას. მიმაჩნია, რომ მისი გამოხატვის ფორმები ჯდება კონსტიტუციით დაცულ ჩარჩოში (რაც უნდა გამაღიზიანებლად მიაჩნდეს ადამიანთა, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა, გარკვეულ ჯგუფს). 
 
მოვითხოვ ხელისუფლებისგან, რომ გამოიჩინოს ისეთივე ოპერატიულობა, როგორიც გამოიჩინა ამავე ჟურნალისტის მიერ პუტინის შეურაცხყოფისას. ისიც უნდა ითქვას, რომ საშიშროება სულაც არაა გაზვიადებული - კრემლის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში არასასურველი ადამიანების (მათ შორის, ჟურნალისტების) სავარაუდო მკვლელობები ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს მის ასაცილებლად. 
     
აქვე, მე, როგორც მწერალი, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და აფხაზეთიდან რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დევნილი, სრულად ვიზიარებ გიორგი გაბუნიას სიტყვებს რუსეთის პრეზიდენტისადმი. მოკრძალებულად აღვნიშნავ, რომ უფრო რადიკალურადაც შეიძლებოდა. 
 
პაატა შამუგია
საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები