განცხადებები

მწერლების გამოხმაურება სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურებაზე

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 18780

საქართველოს წარმატება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყნის ბოლო ათწლეულების კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამ წარმატების დადებით შეფასებას არ დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტობის “დამოუკიდებელი” კანდიდატი, საქართველოს არაფორმალური მმართველის, ოლიგარქ ბ. ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი ს. ზურაბიშვილი.

როგორც მან “კულტურის მუშაკებთან” შეხვედრაზე განაცხადა, “მე პრეტენზია არ მაქვს, რომ საქართველოს კულტურის ყველა დარგში მაქვს ისეთი ცოდნა, ან ვიცი, რა უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ ვგრძნობ იმიტომ, რომ ქალი ვარ და ინტუიციით [ვხვდები], რა არ კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს. მაგალითად, ვგრძნობ, რომ ამ წლის ფრანკფურტის ჩვენი გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ გავიტანეთ ისე, როგორც უნდა გაგვეტანა ქართული კულტურა. გვქონდა უზარმაზარი შანსი და ეს შანსი ნახევრად გავიტანეთ. შეგვეძლო ბევრად მეტი, მაგრამ ეს ჩვენ წინ გვაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია”.

პრეზიდენტობის კანდიდატს არ შესწევს უნარი, დაინახოს და დააფასოს ქართველი მწერლების, ქართველი და გერმანელი მთარგმნელების, ქართველი და გერმანელი გამომცემლების, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით გამოსვლის მომზადებაში ჩართული ორგანიზაციების (ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი
და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია), გერმანელი მასპინძლის (ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა) - ასობით ადამიანის მრავალწლიანი და დაუღალავი და შედეგიანი შრომა. ის, რომ ს. ზურაბიშვილი ამ მრავალწლიან შრომაში “გასეირნებას” ხედავს, ცხადყოფს მის დამოკიდებულებას თავისი და სხვისი შრომის მიმართ.

გვინდა დავეთანხმოთ ს. ზურაბიშვილს, რომ მას “საქართველოს კულტურის ყველა დარგში” ცოდნა არ აქვს და “არ იცის, რა უნდა გაკეთდეს”. სხვანაირად რომ ვთქვათ, მას არ ესმის ქართული კულტურა, წარმოდგენა არ აქვს მასზე და ვერ იაზრებს მის მნიშვნელობას. ს. ზურაბიშვილს ქართულ კულტურაზე იოტისოდენა წარმოდგენა რომ ჰქონოდა, სავარაუდოდ, არ გაუჭირდებოდა იმის გაცნობიერება, რომ:

- საქართველოს უკიდურესად წარმატებული გამოსვლა საპატიო სტუმრის სტატუსით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო-კულტურული მოვლენა იყო საქართველოს ორი რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში;

- ამ ბაზრობისთვის გერმანულ ენაზე გამოვიდა 200-ზე მეტი ქართული წიგნი (უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა უცხო ენაზე). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ლიტერატურამ გაარღვია იზოლაცია და მსოფლიო ასპარეზზე გავიდა და მოწონებაც დაიმსახურა;

- ქართული ლიტერატურის და კულტურის წარმატებამ გერმანიაში კარდინალურად შეცვალა საქართველოს იმიჯი გერმანიაში (რომელიც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა ევროკავშირში) და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. თუ ადრე საქართველო პრობლემურ პოსტსაბჭოთა ქვეყნად აღიქმებოდა, დღეს ის თანამედროვე კულტურის ქვეყნად აღიქმება;

ს. ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა ჩამოიყვანა მაღალი თანამდებობის დასაკავებლად. მის საქართველოში ყოფნას თანამდებობის გარდა სხვა ინტერესი და გამართლება არ ჰქონია. დღესაც მას საქართველოში ყველაზე მაღალი თანამდებობის დაკავება უნდა, ოღონდ ისე, რომ ამისათვის არც უნარი და არც კომპეტენცია არ გააჩნია.

თავისი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური კომენტარებით საქართველოს საგარეო და კულტურული პოლიტიკის შესახებ ს. ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს დაანახა, რომ:

მან არ იცის ქართული ენა, არ უყვარს და არ ესმის ქართული კულტურა და არ უხარია მისი წარმატება.

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები